ყოფილი ენერგოომბუდსმენი დავით ებრალიძე მიიჩნევს, რომ ჰესების მშენებლობის მთავრობისეული სტრატეგია საქართველოს ჰიდროენერგორესურსის გამოფიტვით ემუქრება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ებრალიძე 26 ნოემბერს, 11:00 საათზე, პრესკონფერენციას გამართავს.
ებრალიძის განცხადებით, ხელისუფლების განცხადება ზამთარში გენერირებული ენერგიის გაყიდვასთან დაკავშირებით არარეალურია, რადგან ებრალიძის განცხადებით, ზამთარში საქართველოს მდინარეების ჩამონადენი მიზერულია და მისგან გენერირებული ენერგია ძალიან მცირე იქნება.
"ჰესების მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით მთავრობა თავს იწონებს, რომ ამით საქართველოში მოცულობითი ინვესტიციები შემოვა და მუშახელი დასაქმდება. ჰიდრორესურსის უცხოელებისთვის მხოლოდ იმ პირობით გადაცემა, რომ მშენებლობაზე მუშახელი დასაქმდება და ზამთარში გენერირებული ენექტროენერგია ქვეყანაში დარჩება, საქართველოს ენერგორესურსის განიავებას ნიშნავს. ხელისუფლება აცხადებს ინვესტორები ზამთარში გენერირებულ ენერგიას საქართველოშივე გაყიდიანო. ზამთარში საქართველოს მდინარეების ჩამონადენი მიზერულია და მისგან გენერირებულიც შესაბამისად მიზერულია. ამდენად, ზამთარში გენერირებულის საქართველოში დატოვება არაფრის მომცემი იქნება. ჰიდრორესუსრის მოცულობა ძირითადში გაზაფხულ-შემოდგომაზე იხარჯება. ამ პერიოდში გენერირებულ ენერგიას კი ინვესტორი მთლიანად უცხოეთში გაიტანს და ამ გატანით ქვეყანას ერთ თეთრსაც კი არ შემატებს", _ აცხადებს ებრალიძე.