თუ ანდრო ჭიჭინაძე ტერორისტია, მაშინ ჩათვალეთ, რომ პირველ რიგში მთელი თეატრი ტერორისტები ვართ, - ამის შესახებ რეჟისორმა, დავით დოიაშვილმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა.
დოიაშვილმა კომენტარი გააკეთა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებასთან დაკავშირებით
„მოვლენები ისე შეიცვალა, რომ მართლა არ ვიცი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ჩემთვისაც ეს არის აბსოლუტურად გამაოგნებელი ამბავი. ცუდ სიზმარშიც არ დამესიზმრება, ალბათ, სკორსეზეც ვერ მისცემდა მაგ როლს ჭიჭინაძეს, რომ ეგ გაემართლებინა და ამათმა როგორ უნდა გაამართლონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბინ ლადენია, არ ვიცი, ვერ გეტყვით, რანაირად შეიძლება ეს მოხდეს, მართლა არ ვიცი, მგონია, რომ ცუდი სიზმარია. აბსურდის თეატრია ჯერჯერობით. ვერ აღვიქვამ ამ რეალობას სერიოზულად.
ნუ გვაჯერებთ იმ რეალობას, რომელიც დაუჯერებელია. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არ შეგვიძლია დაგეთანხმოთ იმ რეალობაში, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ, არ შეიძლება ამის გამო მე გამომაცხადოთ ტერორისტად ან ჩემი ყველა მსახიობი.
თუ ანდრო ჭიჭინაძე ტერორისტია, მაშინ ჩათვალეთ, რომ პირველ რიგში მთელი თეატრი ტერორისტები ვართ. სხვანაირად არ ვიცი რა განცხადება უნდა გავაკეთო, მართლა არ ვიცი. ეს როგორ უნდა გამართლდეს, არ ვიცი. ამიტომ მგონია, რომ აბსურდია ეს ყველაფერი.
სისხლზე და ახალგაზრდებზე ძალადობით არც ერთ, არავის, არც ერთ დროს გაუმარჯვია და არ ღირს ეგეთი გამარჯვება. რა დროს გამარჯვებაა, რა ხელის გადაგრეხაზე გვაქვს საუბარი. მეცოდება ჩემი ქვეყანა, მეცოდება ყველა ჩემი მსახიობი, რომელიც უპროფესიოდ დარჩა, მეცოდება ჩემი თავი... იმის ფიქრიც არ გვაქვს, რომ ჩვენი საქმით რაღაც ვაკეთოთ. გონს მოვიდეს და სანამ დროა, დავსხდეთ და მოვნახოთ გზა, რომ გამოვიდეთ ამ კატასტროფული ჩიხიდან და ჩიხი რომ არის, ეს უნდა დაინახოთ, ესაა მთავარი, უნდა დაინახოთ და უნდა მიხვდეთ, რომ ეს ჩიხია და ამ ჩიხიდან გამოსავალი არის დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. სანამ ჩუმად იქნებით ყველანი, სანამ ხმას არ ამოიღებთ, ასე დარბევებით არაფერი გამოვა, კატასტროფამდე მივალთ და მერე იქნება ის, რაც ყველაზე საშინელებაა, რაც, ალბათ, არავის უნდა ამ ქვეყანაზე. დიალოგი არის ერთადერთი შანსი, რომ ამ ყველაფრიდან გამოვიდეთ“, - განაცხადა დოიაშვილმა.
გუშინ, 5 დეკემბერს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის სახლში პოლიცია შევიდა და დააკავა. ჭიჭინაძე საპროტესტო აქციების მონაწილე იმ მსახიობებს შორისაა, ვინც გაფიცვა გამოაცხადა.