საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიშელ ბარნიეს მთავრობის გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს. იუწყება Le Figaro.
მაკრონმა მთავრობის გადადგომაში დაადანაშაულა ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ძალები, რომლებმაც მისი თქმით, „აირჩიეს უწესრიგობა“.
„არა იმისთვის, რომ შექმნან, არამედ იმისთვის, რომ გაანადგურონ, რატომ არჩიეს ამ დეპუტატებმა უნდობლობა გამოუცხადონ [მთავრობას]?, იმიტომ, რომ ფიქრობენ საპრეზიდენტო არჩევნებზე“, - თქვა მაკრონმა.
ამავდროულად, მაკრონმა უარყო გადადგომის მოწოდებები და აღნიშნა, რომ ის შეასრულებს მისთვის მიცემულ ხუთწლიან მანდატს „სრულიად“.
„ჩემი პასუხისმგებლობაა უზრუნველვყო სახელმწიფოს უწყვეტობა, ჩვენი ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ყველა თქვენგანის დაცვა“, - განაცხადა მაკრონმა.
მან ასევე პირობა დადო, რომ „იმოქმედებს, რათა საფრანგეთი უფრო ძლიერი და სამართლიანი ქვეყანა გახდეს“ მისი პრეზიდენტობის დარჩენილი 30 თვის განმავლობაში.
შეგახსენებთ, 5 დეკემბერს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უნდობლობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს კაბინეტს. რის შემდეგაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მიშელ ბარნიემ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.