არ არსებობს ქართველი, რომელიც არ გაბრაზდება, როცა უცბად გრძნობს, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა ეცლება ხელიდან და ვბრუნდებით რუსეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„ნანახი მაქვს არაერთი დემონსტრაცია სხვადასხვა ქვეყანაში. აქციის მონაწილეები არც ერთ მანქანას, არც ერთ მაღაზიის შუშებს არ ამტვრევენ, გამოდიან ძალიან მშვიდობიანად, ოჯახებით. იქ ცეკვავენ, მღერიან. რატომ უცებ შეიცვალა? ხომ ვერ მეტყვით? ვინ გამოიყვანა ეს რობოკოპები? ვინ გააბრაზა ხალხი? რატომ გააბრაზეთ ხალხი? არ არსებობს ქართველი, რომელიც არ გაბრაზდება, როცა უცბად გრძნობს, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა ეცლება ხელიდან და ვბრუნდებით რუსეთში. არ არსებობს.
მეც არ მომწონს პიროტექნიკა, მეშინია ყოველთვის, თუნდაც ახალ წელს. პიროტექნიკა რომ შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, მესმის. მაგრამ ეს ხომ არაა პრობლემა. ჯარები ვნახეთ როგორ მოდიოდნენ ხალხზე, როგორ დასდევენ, მეტროში, როგორ დასდევენ სახლებში, როგორ შედიან ღამე სახლებში, როგორ არ აცლიან, რომ ხალხი დაბრუნდეს სახლში. მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც ასეთი მშვიდობიანი... ჰკითხეთ უცხოელ ჟურნალისტებს, ძალიან ბევრია ჩამოსული, გაესაუბრეთ და ჰკითხეთ, რომელ ქვეყანაში უნახავთ ასეთი მშვიდობიანი, ზოგჯერ მაინც ლაღი დემონსტრაციები. ძალიან იშვიათია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის ეთერში.