მალტამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს, მარია ზახაროვას ვიზა გაუუქმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრის წინ, რომელიც ვალეტაში 5-6 დეკემბერს გაიმართება.
სააგენტო dpa-ს ცნობით, მალტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიზის გაუქმების გადაწყვეტილება ზახაროვას ქვეყანაში შესვლს აკრძალვას დაუკავშირა.
თავდაპირველად, ზახაროვასთვის გამონაკლისი დაუშვეს, თუმცა, ევროკავშირის სამართლის თანახმად, წევრ ქვეყნებს შეუძლიათ ვიზის გაცემის გასაჩივრება. გავრცელებული ინფორმაციით, ზახაროვასთვის ამ გამონაკლისის დაშვებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. ეს ქვეყნები არგუმენტად სხვათა შორის იმასაც ასახელებდნენ, რომ გასულ წელს რუსეთმა დაბლოკა ესტონეთის თავმჯდომარეობა ეუთო-ში.
მოსკოვი განარისხა მალტის გადაწყვეტილებამ და საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მალტის გადაწყვეტილებას "უპრეცედენტო შემთხვევა" უწოდა.
"უპრეცედენტო შემთხვევაა მალტის პრეზიდენტის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელისთვის უკვე გაცემული ვიზის გაუქმება ფორმულირებით "ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოებების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
თავად ზახაროვამ ამ გადაწყვეტილებას "დასავლეთის ჰიდრის" მაქინაციები უწოდა. ზახაროვა ევროკავშირის სანქციების სიაშია 2022 წლის თებერვლიდან.
ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკვე ჩავიდა მალტის დედაქალაქში.
Dpa-ს ინფორმაციით, ლავროვი მალტაში რუსული ავიახაზებით გაფრინდა - მიუხედავად იმისა, რომ რუსულ თვითმფრინავებს ეკრძალებათ ევროკავშირის საჰაერო სივრცეში შესვლა.
ეს ლავროვის პირველი ვიზიტია ევროკავშირის ქვეყანაში 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ.