ხვალ, 26 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ ტურში ევროპის ქვეყნების მცირე მეწარმეებისა და ფერმერების პროდუქტების გამოფენა "ევროგუსტო" იწყება, სადაც ქართული პროდუქცია პირველად მიიღებს მონაწილეობას.
"ევროგუსტოს" ორგანიზატორია "სლოუ-ფუდი" - საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მივიწყებული საკვები პროდუქტების პოპულარიზაციას და ენოგასტრონომიული ტრადიციების აღდგენა-შენარჩუნებას. შესაბამისად, "ევროგუსტოზე" წარმოდგენილი პროდუქტებიც უნდა იყოს - ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა და ტრადიციული წესით დამზადებული.
საქართველოდან გამოფენაზე წარდგენილი იქნება სლოუ-ფუდის პროექტ "ქართული ქვევრის ღვინოს" მონაწილეთა პროდუქცია - რამაზ ნიკოლაძის, ნიკოლოზ ანთაძის, ნოდარ შინჯიაშვილის და "თავადი მაყაშვილის მარნის" ნატურალური ღვინოები.
პროექტი "ქართული ქვევრის ღვინო" სლოუ-ფუდის ქართული ფილიალის წარმომადგენლის, "ღვინის კლუბის" წევრის, რამაზ ნიკოლაძის ინიციატივით ხორციელდება. მისი მიზანია ქვევრის ღვინის ტრადიციების აღდგენა საქართველოში და პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე. პროექტის ფარგლებში შექმნილია ორი ჯგუფი - იმერეთისა და კახეთის. ორივე ჯგუფში შედის ათამდე მევენახე-მეღვინე, რომელთა ღვინოები 2010 წელს წარდგენილი იქნება ტურინში, "სლოუ-ფუდის" მსოფლიო გამოფენაზე - Salon del Gusto.
"ქართული ქვევრის ღვინო" ითვალისწინებს პროექტში მონაწილე მეღვინეებისთვის ღვინის ჩამოსასხმელი აპარატების შეძენას და იმერეთში ღვინის სპეციალური საცავის მოწყობას - ბოთლის ღვინის შესანახად. ქართული მხრიდან პროექტს ხელმძღვანელობს და მეწარმეებს კონსულტაციებს უწევს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა".
"თავადი მაყაშვილის მარნის" მეღვინის, "ღვინის კლუბის" წევრის, სოლომონ ცაიშვილის თქმით, "ევროგუსტო" და "სალონ დე გუსტო" ნატურალური და ტრადიციული პროდუქტების ყველაზე პრესტიჟული გამოფენებია. "ევროგუსტო" ქართველი მეღვინეებისთვის ერთგვარი ძალების მოსინჯვაა მომავალ წელს ტურინში დაგეგმილი მსოფლიო ფორუმის წინ. "ევროგუსტოზე" ევროპის ქვეყნებიდან სულ რამდენიმე ღვინო იქნება გამოფენილი, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ გამოფენაში ქართული ქვევრის ღვინის მონაწილეობის მნიშვნელობას.