დღეს, 20 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ისრაელის მოქალაქეების რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მორიგი პროცესი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, მასზე საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერების ჩვენება გაგრძელდება.
"საქმეში არსებული 7 ჩანაწერიდან 2-ის ჩვენება უკვე მოხდა. დღეს დაგეგმილ პროცესზე კი მესამეს - 2010 წლის 15 სექტემბერს, სტამბულში განხორციელებული შეხვედრის ამსახველ ჩანაწერს აჩვენებენ, რომელშიც ერთმანეთს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და ამჯერად, რონ ფუქსი ხვდებიან. იქედან გამომდინარე, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით შეფასებითი მოსაზრებების გაკეთება არ დაიშვება, პროცესზე ძალიან მწირი განცხადებები კეთდება", - განმარტა კბილაშვილმა.
საქმეებში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლომ 13 იანვრის სხდომაზე დაიწყო. ამ დროისთვის უკვე საქმეში არსებული 7 ჩანაწერიდან 2-ის ჩვენება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის მოქალაქეები, ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად.