დღეს, 20 იანვარს, მალაიზიაში დაკავებული დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
პროცესი 20 იანვრისთვია დეკემბრის შუა რიცხვებში ჩაინიშნა, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეჭვობენ, რომ ხვალინდელ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა არ დაიწყება და პროცესი თებერვლის ბოლომდე გადაიდება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი ის გარემოება შეიძლება გახდეს, რომ ექსპერტიზის დასკვნა სწორედ ამ დროისთვის გახდება ცნობილი.
"დაკავებული ქართველებიდან დარეჯან კოხტაშვილის პროცესი 20 იანვარსაა დაგეგმილი, ბაბუცა გორდაძის კი 16 თებერვალს. ვვარაუდობთ, რომ კოხტაშვილის დაგეგმილი პროცესი გადაიდება, რადგან ექსპერტიზის დასკვნა თებერვლამდე არ იქნება ცნობილი. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ საქართველოს მოქალაქეების საქმეების არსებითი განხილვა სწორედ ამ დრომდე გადაიდება", - განმარტავს კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორ მოქალაქე ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიელმა სამართალდამცველებმა ოქტომბერში, ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული დანაშაული ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით ისჯება. საქმეში გადამწვეტი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა იქნება, რის შედეგადაც დადგინდება, იცოდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებმა, რომ მალაიზიაში სურათების ნაცვლად ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდათ.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ ნარკოკარტერის სქემას ემსხვერპლნენ.