მიწისძვრის შედეგად ვანის რაიონში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.
"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შიშის ნიადაგზე ერთ-ერთი ქალბატონი მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლიდან გადმოხტა, არ გამაჩნია. მსგავსი ინფორმაცია ბევრი ვრცელდება, თუმცა მას გადამოწმება სჭირდება. ამ ეტაპზე ასეთი ცნობა ჩემთვის არავის მოუწოდებია", - განმარტა რეგიონის გუბერნატორმა.
მისივე განმარტებით, იმერეთში სიმშვიდეა და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.
რაც შეეხება მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ ზარალს, მას სპეციალური კომისია დაადგენს.
მაქაცარია იმასაც აღნიშნავს, რომ შემთხვევის შედეგად მხოლოდ რამდენიმე სახლი დაზიანდა, რამდენიმე სოფელში კი მცირე მასშტაბის მეწყერი ჩამოწვა.
"მათ შორის მეწყერი ჩამოწვა საირმის გზაზეც. მისი გაწმენდის სამუშაოები უკვე დაწყებულია", - დასძინა ლაშა მაქაცარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სწორედ ვანის რაიონში დაფიქსირდა. მისმა სიმძლავრემ 5,8 მაგნიტუდა შეადგინა.