კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში ღვინის სახლის, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლისა და სასტუმროს მშენებლობა - რეაბილიტაცია დასრულდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახლადაშენებულ ღვინის სახლს და რეაბილიტირებულ საერთო საცხოვრებელსა და სასტუმროს უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის.
კოლეჯის ტერიტორიაზე ღვინის სახლი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აშენდა, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის და სასტუმროს რეაბილიტაცია კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა.
კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი 2007 წელს გაიხსნა და იგი კახეთის რეგიონში ერთადერთი რეაბილიტირებული, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე პროფესიულ - საგანმანათლებლო დაწესებულებაა. სახელობო პროფესიული სწავლების პროგრამის გარდა ცენტრში გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული ზრდასრულთა გადამზადების პროგრამა და კახეთის ხუთი მუნიციპალიტეტისთვის ფერმერთა საინფორმაციო - საკონსულტაციო ცენტრი მუშაობს.