ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანში, სადაც ისრაელის არმია ახორციელებს ოპერაციებს “ჰეზბოლას” დაჯგუფების წინააღმდეგ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ზავის შესახებ შეთანხმების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება “ჰეზბოლას” ქმედებებზე. იუწყება BBC
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეთანხმება, შესაძლოა, 60 დღით გაფორმდეს.
სამშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ლიბანში ზავნა შესაძლოა მოაახლოოს მშვიდობა ღაზის სექტორში.
„ერთ-ერთი მიზანი, რომელიც „ჰამასს“ თავიდანვე ჰქონდა, ეს იყო სხვების საომარ მოქმედებებში ჩათრევა მრავალი ფრონტის შესაქმნელად და ვიდრე ის მიიჩნევდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, ეს რჩებოდა ერთ-ერთი მიზეზად იმისა, რის გამოც ის თავს იკავებდა აუცილებელი ნაბიჯებისგან კონფლიქტის დასასრულებლად.
და თუ ის ხედავს, რომ დახმარება არ მოდის, მაშინ ეს შეიძლება იყოს მისთვის სტიმული, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ამ კონფლიქტის დასასრულებლად,” - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს იტალიაში G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს დონალდ ტრამპის გარდამავალ გუნდთან ლიბანის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად.
ამერიკულმა ტელეკომპანია CBS-მა ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ტრამპის გუნდი ინფორმირებული იყო „ჰეზბოლასთან“ ისრაელის შეთანხმების შესახებ და მოიწონა იგი.
CBS-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბაიდენი გეგმავს განცხადების გაკეთებას ლიბანის შეთანხმების შესახებ.