საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებების ამოღებას ეხმიანება. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებით გასაგები ხდება რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება განათლების სისტემა და სახელმწიფო.
„2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალიდან, როცა ამოიღებ ილიას „ბედნიერ ერს“, „პასუხის პასუხს“, „განდეგილს“, „აჩრდილს“ და „ოთარაანთ ქვრივს“, როცა ამოიღებ პაოლო იაშვილის და პოლიკარპე კაკაბაძეს ნაწარმოებს მთლიანად ან კიდევ ვაჟას "პატრიოტიზმს და კოსმოპოლიტიზმს" ... ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება "განათლების" სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!“- განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
ხსენებული განცხადების თანახმად, სასწავლო პროგრამიდან არცერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა, ხოლო ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო ლიტერატურას.