მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანია თებულოტურის, ასევე, გუდაურის დეველოპერული კომპანიის ორგანიზებით 22 იანვარს, გუდაურში, ღია ცის ქვეშ, გრანდიოზული ხევსურული საღამოს მოწყობა იგეგმება.
გუდაურის დამსვენებლებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე, საკუთარი შემოქმედებით წარსდგებიან, როგორც ადგილობრივი ფოლკლორის წარმომადგენლები, აგრეთვე თბილისიდან ჩამოსული ისეთი ანსამბლები, რომლებიც საკუთარ შემოქმედებას ხევსურულ მოტივებზე შექმნილი სიმღერებით და კომპოზიციებით წარუდგენენ მაყურებელს. Mმოხდება ახალგაზრდა ხევსური პოეტების ლექსების პრეზენტაცია.
სპეციალურად ამ საღამოსთვის დამზადდება ხევსურული ლუდი, რომლის დაგემოვნების საშუალება გუდაურში მოსულ ყოველ სტუმარს ექნება.
ღონისძიება მიზნად ისახავს ფშავ-ხევსურეთის _ დაცარიელებისგან გადარჩენას და ამ ულამაზესი კუთხის ტურისტული პოტენციალის, მისი ადათ-წესების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას. გარდა ამისა, ღონისძიების ერთერთი მთავარი მიზანია, საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტად გაჩნდეს ინტერესი ისეთი ისტორიული ძეგლების მიმართ, როგორიცაა შატილი და მუცოს ციხე-სიმაგრე.
M მუცო პირიქითა ხევსურეთის კლდეზე შეფენილი ციხესიმაგრეა, რომელიც ამ ეტაპზე სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. სულ ახლახანს ეს საკითხი ადგილობრივ დონეზე იქნა წამოჭრილი და მის ირგვლივ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია გაერთიანდა. სასტუმრო "ამბასადორსა" და მსოფლიო ბანკის ოფისში მოეწყო პრეზენტაციები, შედგა საუბრები, რომლის მიზანი იყო რაც შეიძლება მცირე დროში მოხდეს ისეთი დონორი ორგანიზაციების მოძიება, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამენ საკუთარი წვლილი შეიტანონ ისეთ საშვილიშვილო საქმეში, რომელასც მუცოს გადარჩენა ჰქვია.
ხევსურული საღამო გუდაურში _ სასტუმრო გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე 16.00 საათზე დაიწყება, რომელსაც ხევსურეთის მკვიდრი, პოეტი _ გელა დაიაური წარუძღვება ხევსურული საღამოს მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან:
"HOTEL GUDAURI"; "CHATEAU MUKHRANI"; " ნატახტარი"; "PRIME TIME";
"DIDI studi A" .