საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქონლის მტაცებლებისგან დასაცავად ფერმერებს ტყვია-წამალი დაურიგა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ჩალათაშვილმა განუცხადა, ზამთრის სეზონზე, საქონელზე მგლების თავდასხმის შემთხვევები გახშირდა.
2 დღის წინ ნიკო სულიკაშვილის ცხვრის ფარას მგლები დაესხნენ და რამდენიმე ცხვარი და ვირი დაგლიჯეს, 1 ბატკანი კი შეჭამეს.
„მგლების თავდასხმის შემთხვევები გახშირდა, რის გამოც პრევენციული ზომების გატარების მიზნით, ტყვია-წამალი შევიძინეთ და საქონლის პატრონებს დავურიგეთ", - აღნიშნა გამგებელმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქონელზე თავდასხმის დროს, მგელი მოკლეს გურჯაანის რაიონის სოფელ ნანიანში.