მინსკში დააპატიმრეს პოლიტიკოსი რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"ბელორუსის პრეზიდენტობის კანდიდატი ივან კულიკოვი, რომელიც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვდა მინსკში დააპატიმრეს", _ იუწყება კომიტეტი. მათივე ინფორმაციით, დაკავებულის ვაჟის ვლადიმერ კულიკოვის თქმით, მისი მამის დაკავების მიზეზი მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობა გახდა.
"მამაჩემი ემხრობა დასავლეთთან და რუსეთთან თანამშრომლობას, ასევე მოითხოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. სწორედ მის მიერ მხარდაჭერილი საკითხები, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობასა და საკავშირო სახელმწიფოს შენარჩუნებას ეხებოდა გახდა მისი დაპატიმრების მიზეზი", _ აცხადებს დაკავებულის ვაჟი.
შეგახსენებთ, რომ ივან კულიკოვს არაერთხელ განუცხადებია თავისი კრიტიკული დამოკიდებულების მიმართ არსებული ხელისუფლებისადმი.
"ბელორუსის ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკა რომელსაც იგი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ატარებს, ჩემი აზრით, სულ მცირე არაკონსტრუქციულია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენ რუსეთის სრულფასოვანი პარტნიორები ვართ, ჩვენ უკვე დიდი ხნის წინ უნდა გვეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა", _ აცხადებდა ამჟამად დაკავებული პოლიტიკოსი.