19-20 იანვარს ლონდონში ჩრდილოატლანტიკური სამიტი გაიმართება, რომელზედაც ცხრა ქვეყნის - ბრიტანეთის, ისლანდიის, შვედეთის, დანიის, ფინეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ლიდერები თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრებენ და განიხილავენ ჩრდილოეთის "მინი-ნატოს" შექმნის იდეას.
ინტერნეტგვერდ " WikiLeaks "-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის თანახმად ნორვეგიაში აშშ-ის ელჩი ამგვარი ორგანიზაციის პროექტს სასარგებლოდ მიიჩნევს იმისთვის, რომ "პოლარულ დათვებსა და რუსებს მიეხედოთ".
ოფიციალური ინფორმაციით, მოლაპარაკებათა მიზანი მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური კავშირების გამყარებაა. თუმცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი თავის კოლეგებთან საუბრისას ახალი სამხედრო ალიანსის შექმნის იდეას აუცილებლად შეეხება. იგეგმება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მინი-ნატოს ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებული იქნება წევრი-სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც აპრილში ჰელსინკში გაიმართება.