ოპოზიციის წარმომადგენლების ყოველი მორიგი განცხადება არის მათი კრახის გაგრძელება, საკუთარივე ამომრჩევლები დასცინიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველოში „კარუსელები“ მხოლოდ სკვერებში ტრიალებს.
„საქართველოში „კარუსელები“ არის სკვერებში. შეუძლია, გახარიაც მივიდეს, გვარამიაც, ნიკა მელიას გაუჭირდება, შეიძლება, ჩატეხოს, მაგრამ გავაკეთებთ ისე, რომ ამ „კარუსელზე“ ნიკა მელიაც დაჯდეს. ერთადერთი „კარუსელები“, რაც საქართველოში ტრიალებს, არის სკვერებში. ოპოზიციას შეუძლია, მივიდეს. მეტი საქმე მაინც არ ექნებათ, მით უმეტეს, თუ არ აპირებენ პარლამენტში მუშაობას და არც არასდროს მუშაობდნენ. აგერ ახალი წელი მოვა და წერილებიც დაწერონ, განცხადებები თოვლის ბაბუას სახელზე, იქნებ, რამენაირად გონება ცოტა მაინც გაუნათდეთ. ეს არის მხოლოდ მათი შანსი. მეტი სხვა შანსი აღარ აქვთ, რადგან ყოველი მათი მორიგი განცხადება არის მათი კრახის გაგრძელება. საკუთარივე ამომრჩევლები დასცინიან“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.