პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა დამოკიდებულია მათ ქმედებებზე, მათ საქციელსა და განცხადებებზე, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ოპოზიცია ამ პროცესს ძალიან დააჩქარებს. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, შესაბამისი სარჩელის საფუძველზე, ის პოლიტიკური პარტია აკრძალოს, რომელიც მოწოდებულია, რომ ანტიკონსტიტუციური განცხადებები აკეთოს და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ორგანიზება გაუწიოს. ასეთი პოლიტიკური პარტიები ევროპაშიც ბევრი აკრძალულა, რისი მაგალითებიც გვაქვს. თუ პროცესს დააჩქარებენ, სამართლებრივ აქტს მიიღებენ. პარტიების აკრძალვის პრაქტიკა ევროპაში არსებობს. გარწმუნებთ, იმაზე მეტი მტკიცებულებები გვაქვს და ეს მტკიცებულებები საჯაროდაც არსებობს, ვიდრე პარტიის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს. პარტიის ლიდერი, რომელიც ქვეყანას პირდაპირ მტრობს და უცხოელებს საჯაროდ ეუბნება, რომ საქართველოში „შავი ხვრელები“ არსებობს, რაც შემდეგ მტკიცდება, პარლამენტზე ახორციელებს შტურმს, ხალხში ზიზღს თესავს, უცხოელები ამბობენ, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდა, ხოლო ის ხალხს ატყუებს, ეს და სხვა მრავალი უკვე მტკიცებულებაა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.