საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო. ძლიერი აშშ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი 33 წლის განმავლობაში, ახლა საჭიროა, როგორც არასდროს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად, ჩვენი თავისუფლებისა და დმოუკიდებლობის დასაცავად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა, რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა მოიპოვა ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა და უზრუნველყო გამარჯვება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. დემოკრატ კანდიდატს, მოქმედ ვიცე პრეზიდენტს კამალა ჰარისს კი – 226 ხმა აქვს.
აშშ-ის საარჩევნო სისტემაში გადამწყვეტ როლს საარჩევნო კოლეგია თამაშობს, რომელშიც თითოეული შტატის წარმომადგენლობა დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. გამარჯვებისთვის ერთ-ერთმა კანდიდატმა 538-დან სულ მცირე 270-ის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.