ნიკა გვარამია საცხოვრისს თუ უჩივის, დაწეროს მერიაში ან სოციალურ სააგენტოში, რომ საცხოვრისი არ აქვს და რაღაცას დაეხმარებიან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„კარავი მტკიცებულება არ არის. 300 ათასი ხმის გაყალბების მტკიცებულება, როგორ შეიძლება იყოს კარავი, უკვე სხვა დროა ბატონო ნიკა და ამას ყველას ვეუბნები. კარავი თუ გინდა, საკუთარ ეზოში და კარ-მიდამოში დაიდგით და იქ დაიძინეთ, მაგრამ გაყალბებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები ამერიკაც გეუბნებათ, ევროკავშირიც და ეუთო/ოდირიც გეუბნებათ, თუ გაქვთ მიბრძანდით და წარადგინეთ. ისინიც მოუწოდებენ გამოძიებას,რომ ნებისმიერი ხარვეზი გამოძიებული იყოს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით როდესაც შენ მტკიცებულების მიტანის ნაცვლად, კარვის გაშლას ითხოვ, ნიშნავს, რომ შენი საქმე დამთავრებულია, როგორც ჩანს უნდათ თავის ამომრჩევლებს უთხრან, რა გავაკეთო, კარავიც კი გავშალე და არაფერი არ გამომივიდაო. მერე საახალწლოდ წავლენ დაიძინებენ და მერე შემოვლენ პარლამენტში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის თქმით, სასოწარკვეთილი ადამიანების განცხადებებია,
„კარავსაც რა დასასრული ექნება, ამასაც კარგად ვნახავთ. სასოწარკვეთილი ადამიანების განცხადებებია, როდესაც, სავარაუდოდ, მოპარული 300 ათასი ხმის მტკიცებულების ნაცვლად, ითხოვ კარავში უნდა ვიცხოვროო, შენი პოლიტიკური მოღვაწეობის დასასრულს ნიშნავს. არაფერი გეგმა არ აქვთ, ვერაფერს ვერ გეგმავენ, თვითონ ამბობენ, გეგმა არ გვაქვსო. ერთადერთი შავი ყუთი აქვს „ლელოს“, ნაცვლიშვილმა რაც გვითხრა და იმასაც ვერ ვიგებთ, ამ შავ ყუთში რა არის. არც ამერიკელებს და არც ეუთო/ოდირს არ უმხელენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მოქალაქეებს მიმართავს, რომ კარვები მიაწოდონ.