რუსული არმია მზად უნდა იყოს თავის მეზობლებთან კონფლიქტებისთვის. მათ შორის მათთან, რომლებიც არცერთ სამხედრო ბლოკში არ არიან გაერთიანებული, - აცხადებს სტრატეგიისა და ტექნოლოგიის ანალიზის ცენტრის ექსპერტი ანტონ ლავროვი.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსული არმია ისეთი უნდა იყოს, რომ მეზობლებს ბრძოლის სურვილი არ უნდა გაუჩნდეთ.
აღნიშნული განცხადებები ლავროვმა გააკეთა მოსკოვში წიგნის "რუსეთის ახალი არმია" პრეზენტაციზე.
როგორ რუსული მედია იუწყება, წიგნი უკრაინელი ექსპერტების მონაწილეობითაცაა შედგენილი.
"მიმაჩნია, რომ ჩვენი რუსული არმია მზად უნდა იყოს ჩვენს ნებისმიერ მეზობელთან კონფლიქტისათვის. მათ შორის მათთან, რომლებიც არცერთ სახედრო ბლოკში არ შედიან. ჩვენ არ ვიბრძოლებთ ნატოსთან ჩვეულებრივი შეიარაღებით, ჩვენ არ ვიბრძოლებთ ჩინეთთან ჩვეულებრივი შეიარაღებით, მაგრამ პრაქტიკულად ნებისმიერ მეზობელთან, როგორც ახლო წარსულმაც გვაჩვენა, არა ახლა, არც 5 წლის შემდეგ, არც 10 წლის შემდეგ, მაგრამ ზოგადად, შესაძლოა, რაღაც პრობლემები წარმოიქმნას", - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, რუსეთი მზად უნდა იყოს წინ აღუდგეს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, მაგრამ პირველ რიგში იგი მზად უნდა იყოს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კონფლიქტების განმეორებისათვის, ასევე შორეულ აღმოსავლეთში იაპონიის წინააღმდეგ საბრძოლველად.
"ცენტრალური აზიიდან შემოჭრა არ გვემუქრება, მაგრამ იქ ისეთი არასტაბილური სიტუაციაა, რომ რუსეთი შესაძლოა კონფლიქტში ჩართული აღმოჩნდეს, მათ შორის შიდა კონფლიქტებშიც", - აცხადებს ექსპერტი და უკრაინასთან ამ სცენარის განვითარების შესაძლებობაზე საუბრობს: "არმია ნებისმიერი მეზობლის საფრთხის მოსაგერიებლად მზად უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რა ურთიერთობები გვაქვს მასთან. მომავალში მე ვერ ვხედავ უკრაინასთან კონფლიქტის ალბათობას".
ანტონ ლავროვი ასევე ამბობს, რომ უკრაინის "წინა რეჟიმის" შენარჩუნების შემთხვევაში იხატებოდა საკმაოდ დაძაბული თარიღი 2017 წელი, როდესაც შეიძლებოდა შექმნილიყო პრობლემები რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გამოყვანასთან დაკავშირებით.