რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა.
ზახაროვას განცხადებით, ქართველმა ხალხმა სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.
"ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, ადასტურებს ჩვენი დასკვნების სისწორეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ვაშინგტონი და ბრიუსელი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ გავლენა მოეხდინათ ქართველი ამომრჩევლის ნებაზე. და ეს იმიტომ, რომ საქართველომ და მისმა ხალხმა გადაწყვიტეს, შეეზღუდათ თავიანთი ქვეყნის შიდა საქმეებზე გარე გავლენა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებით...
მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა, ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა. ამომრჩევლებმა 26 ოქტომბერს სტაბილურობის, განვითარებისა და ტრადიციული ქართული ღირებულებების სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი, გააცნობიერეს რა, რომ ალტერნატივა იქნებოდა დესტაბილიზაცია და რეგიონული დაძაბულობის გაზრდა.
საქართველოს უახლოესმა მეზობლებმა რეგიონში, ისევე როგორც დასავლურმა ქვეყნებმა, უკვე მიულოცეს მმართველ "ქართულ ოცნებას" დამაჯერებელი გამარჯვება. ისეთმა მიკერძოებულმა სტრუქტურებმაც კი, როგორიცაა ეუთო/ოდირი, დაადასტურა, რომ არჩევნები საქართველოში კარგად იყო ორგანიზებული და ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით.
შეერთებული შტატები და ბალტიისპირეთის ქვეყნები საერთოდ არ არიან კმაყოფილი ამ შედეგით. ისინი ახალ ულტიმატუმებს უყენებენ როგორც საქართველოს ხელმძღვანელობას, ასევე ქართულ პოლიტიკურ გარემოს და ემუქრებიან „შემდგომი შედეგებით“ და სანქციებით, თუ თბილისი შეინარჩუნებს ამჟამინდელ სუვერენულ კურსს. ისინი ცდილობენ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენონ და საქართველოში მორიგი „ფერადი რევოლუციის“ პროვოცირება მოახდინონ.
რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეზობელი ქვეყანაა და ჩვენ არ ვართ გულგრილი იმის მიმართ, რაც ჩვენს საზღვრებთან ხდება. ამასთან, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და დასავლელებისგან განსხვავებით, პატივს ვცემთ საქართველოს ხალხის სუვერენულ ნებას. ჩვენ ვიმედოვნებთ საქართველოს სტაბილურ განვითარებას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას." - განაცხადა მარია ზახაროვამ.