2024 წლის ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშზე საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკი განცხადებას ავრცელებს.
„ანგარიში გამოქვეყნდა საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, სადაც საქართველოს ევროპული მომავალი ცენტრალური საკითხი იყო. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ დადგა დრო შეჯამებისთვის – სად არის საქართველო ევროპულ გზაზე. გაფართოების შესახებ წლიური ანგარიში საერთოა იმ ათივე ქვეყნისთვის, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა. ეს არის შეფასების და გააზრების მომენტი. გაფართოების შესახებ ანგარიშის ყურადღების ცენტრშია წინსვლა ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით ყველა სფეროში. ის სამომავლო რეფორმების პრიორიტეტებთან დაკავშირებით სახელმძღვანელო მითითებებს შეიცავს.
ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული ქვეყნის სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია. თუმცა, განაცხადის შეტანის შემდეგ, ქვეყანა თანხმდება, რომ ევროკომისია ევროკავშირში წევრობისთვის მის მზადყოფნას შეამოწმებს.
შარშან, ანგარიშის გამოქვეყნებამ საზეიმო აღნიშვნის შესაძლებლობა მოგვცა. ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას; დეკემბერში ეს რეკომენდაცია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაადასტურეს. როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის ეს იმედით აღსავსე და დაუვიწყარი დღე იყო. ჩემთვის ეს ჩემი პროფესიული კარიერის მწვერვალს წარმოადგენდა.
დღეს, ერთი წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო. საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, ვიდრე საქართველო ევროკავშირისგან, ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, დღევანდელი ანგარიში ბოლო 12 თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების სამართლიან შეფასებას წარმოადგენს.
„ანგარიში მიღწეულ წინსვლასაც აღიარებს რამდენიმე ტექნიკურ სფეროში. მაგალითად: ენერგეტიკის სექტორში ნაწილობრივ დაიწყო ბაზრის დიდი ხნით გადადებული გახსნა; აღინიშნა მზაობა რეფორმების მიმართულებით გარემოს დაცვის, კლიმატის და ნარჩენების მართვის სფეროებში; სახელმწიფო შესყიდვების კუთხით მოვლენების განვითარება მნიშვნელოვანი იყო. ვისურვებდი, რომ მეტი ასეთი პოზიტიური მიღწევების შესახებ საუბარი შემეძლოს. სამწუხაროდ, მიღწევები დაჩრდილა შემაშფოთებელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულმა მტრულმა ნარატივებმა და დეზინფორმაციამ.
საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა ცხრა ნაბიჯი – ძირითადად კანონის უზენაესობასა და დემოკრატიასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ იყო საკმარისი პოლიტიკური მზაობა აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად.
გასული წლის ანგარიშის შემდეგ ცხრა ნაბიჯიდან უმეტესი ნაწილის განხორციელების კუთხით საქართველოს უმნიშვნელო წინსვლა ქონდა. დღევანდელი ანგარიში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, პოლიტიკურ პოლარიზაციასთან, არჩევნებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნაბიჯების მიმართებაში აშკარა უკუსვლაზე მიუთითებს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკუსვლა მოხდა იმ სფეროში, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი თავი ეხება – „სასამართლო სისტემას და ფუნდამენტურ უფლებებს“. ნება მიბოძეთ, მკაფიოდ ვთქვა: ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.
ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული და დამსახურებაზე დაფუძნებული დარჩება. ის სრულად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ ობიექტურ წინსვლაზე. წელს საქართველომ უკან დაიხია, ხოლო სხვა კანდიდატი ქვეყნებმა წინ წაიწიეს, რამდენიმე მათგანმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნეს.
ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი არჩევნების ჩატარებას შეეხება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა. დარღვევები, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი წევრისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება. საჭიროა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევების გამოძიება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად მოხდეს. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. საპირისპიროც არ უთქვამთ.
რა იქნება შემდეგ? ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ლიდერების ხელშია. ვთავაზობ ხელისუფლებას, ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ეს ანგარიში. ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ, მაგრამ მისი განხორციელება მოითხოვს ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას და დაბრუნებას ჩვენი უპირობო პრინციპებისა და ღირებულებებისადმი, რომლებზედაც ევროკავშირი არის დაფუძნებული.
გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე, თუ რეფორმებს განახორციელებს. არანაირი საიდუმლო და მოკლე გზა არ არსებობს. საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, დაუბრუნდეს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს, თუ მას სურს, ქვეყანა ევროკავშირთან დააახლოოს. ეს უნდა დაიწყოს სრული გამჭვირვალობით საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.
ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავ ღიაა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას ყოველთვის მხარს უჭერდა. ნუ დაკარგავთ იმედს!“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.