ნებისმიერი ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება, ასეთი პრეცედენტი არ ვიცი, რომ საგამოძიებო უწყებამ სთხოვოს არჩევნებზე პრეზიდენტს მტკიცებულებები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„აგერ არის ის პირდაპირი კადრები და ასეთი კადრები ყველას გინახავთ, ძალიან ბევრი ვრცელდება, ეს არის ის კადრები, რასაც არც ახსნა და განმარტება სჭირდება, პირდაპირ იკითხება, რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები. მტკიცებულებები ბატონებო, თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს, მე ისე ვიცოდი, რომ პირიქით იყო, საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, თქვენც ასე იცით ხომ? ნებისმიერი ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება, ასეთი პრეცედენტი არ ვიცი, რომ საგამოძიებო უწყებამ სთხოვოს არჩევნებზე პრეზიდენტს მტკიცებულებები. სხვათა შორის, ახლა მოვდიოდი და მოვუსმინე ბორელს. მე მგონი, ბორელსაც უნდა კითხოს პროკურატურამ, როგორც ჩანს მტკიცებულებები მასაც გააჩნია და მისი ჩამონათვალი იმ დარღვევების, რაც არის აღნიშნული უცხოური მისიების მიერ, არის ზუსტად იგივე.
პროკურატურა კიდევ უფრო უცნაურია ცესკოს წუხილის საფუძველზე სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებებს, თურმე ცესკო შეურაცხყოფილია, თურმე მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რატომ დისკრედიტაცია არ ვიცი, ეს არის ფაქტები, ფაქტები ყველამ იცის, გავრცელებულია და საერთოდ, საგამოძიებო უწყებამ, პროკურატურამ, უნდა დაიწყოს გამოძიება იმის გამო, რომ დარღვევები მოხდა და ყველამ შეამჩნია იმ დღეს და მერე... მოქალაქეები არიან ჩართული ამ მტკიცებულებების მოგროვებაში, სადამკვირვებლო მისიები, არასამთავრობოები, უზარმაზარი მასალა არსებობს უკვე და ცესკოს დისკრედიტაცია შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმ ფაქტების დადასტურებას, იმ სისტემური დარღვევებისა და გაყალბების დადასტურებას, რომელიც სწორედ ევალება ან პროკურატურას, ან საერთაშორისო გამოძიებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.