შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, წინასწარი ანგარიშები იმაზე მითითებს, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნები მრავალი დარღვევით ჩატარდა.
"ჩვენ საბოლოო ანგარიში არ მიგვიღია, თუმცა ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ [არჩევნები] მრავალი დარღვევით [ჩატარდა], შედეგები სანდო არ არის და სხვადასხვა გზით პირდაპირი გაყალბება მოხდა". - თქვა კრისტერსონმა შვედურ მედიასთან საუბრისას.
პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა შვედეთის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებაც. მისი თქმით, შვედეთის მთავრობას ისეთ მთავრობასთან თანამშრომლობა არ სურს, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
"ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ქვეყანა ევროპას დააშოროს. ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ჩვენ არ შეგვიძლია ისეთ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა, რომელიც [ევროპულ ღირებულებებს] ეწინააღმდეგება". - თქვა კრისტერსონმა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა უნგრელი კოლეგის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ არჩევნები "თავისუფალი და დემოკრატიული" იყო და აღნიშნა, რომ ის ევროპის ქვეყნების სახელით არ საუბრობს.
"ის არ ლაპარაკობს ევროპის ქვეყნების სახელით, ის არ ლაპარაკობს შვედეთის სახელით, ის შესაძლოა ლაპარაკობს რუსეთის სახელით, მაგრამ ის არ ლაპარაკობს სხვების სახელით," - ამბობს შვედეთის პრემიერმინისტრი.