"ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის" პრეზიდენტი და "ლიბერალური ინტერნაციონალის" პრეზიდენტი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ორგანიზაციების პრეზიდენტები სულ მცირე 5 სადამკვირვებლო ორგანიზაციის წინასწარ ანგარიშებს ეყრდნობიან და აღნიშნავენ, რომ არჩევნების შედეგები სრულად არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს.
ასევე აცხადებენ, რომ შეშფოთებული არიან 26 ოქტომბერს არჩევნების დღესა და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების დიდი რაოდენობის გამო.
ამასთან, "ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის" პრეზიდენტი და "ლიბერალური ინტერნაციონალის" პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებენ ოპოზიციურ პარტიებსა და სალომე ზურაბიშვილს.
"სადამკვირვებლო მისიების მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდი ძირითადად ხასიათდებოდა ამომრჩეველთა დაშინებითა და იძულებით, ხმების მოსყიდვით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევით და ხელისუფლების მიერ საჯარო ადმინისტრაციული რესურსების არაპროპორციული გამოყენებით.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებსა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომლებიც ამ გადამწყვეტი არჩევნების ჩატარებას გმობენ, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალ ურთიერთობებს ევროკავშირთან.
ჩვენ უარვყოფთ ძალადობაზე, დაშინებასა და ქართული ოცნების მიერ დემოკრატიული სივრცის მიზანმიმართულ შემცირებაზე დაფუძნებულ შედეგს და ვაღიარებთ ქართველთა უმრავლესობის სურვილს, გაჰყვნენ ევროატლანტიკურ გზას და უარი თქვან რუსეთის მცოცავ გავლენაზე თავიანთ ქვეყანაში.
საქართველოს მოქალაქეებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნათელ გზაზე დამყარებული მომავალი, რუსული გავლენისგან თავისუფალი და დემოკრატიული ღირებულებების სრული პატივისცემით - აღნიშნული მიზნის მიღწევისას მათ ყოველთვის ექნებათ ლიბერალური ინტერნაციონალისა და ALDE-ს პარტიის მხარდაჭერა", - ნათქვამია განცხადებაში.