სულ რომ ცემაში სული ამომხადონ, ენაცვალოს ჩემი თავი საქართველოს, არ დავიხევ უკან, არ შეშინდეთ, გამაგრდით! ამ ქარაქუცებს ვაჩვენოთ სეირი! - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, საქართველოს სჭირდება საერთო ბრძოლა.
„გუშინ ვუსაყვედურე გახარიას პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ცოტა უკმეხად გამომივიდა, არ მინდოდა, მაგრამ გადაღლილი, დაქანცული ვართ და ცოტა ზედმეტად ემოციურად გამომივიდა. მინდა, გახარიასაც ვუთხრა კაცურადაც და ადამიანურადაც, მილანძღია იცოცხლე, არც თუ უსაფუძვლოდ, 20 ივნისი დღემდე ვერ მომიხარშია, მაგრამ ახლა არ არის ერთმანეთზე წყენების გახსენების დრო, აქ უნდა ვიდგეთ ყველა. პრანჭვის დრო არ არის, ერთად დგომის დროა. ამათ რომ დავამარცხებთ, მერე დავერიოთ, ერთმანეთის ლანძღვაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები. არჩევნებს რომ დავანიშნინებთ, მერე ვიკამათოთ, მერე ვიკინკლაოთ, მაგრამ ახლა ჩვენს თავში უნდა მოვძებნოთ ძალა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, უკან არ დაიხევენ
“ასიათასჯერ ჩემზე მაგარი ხალხი უძღვებოდა აქ მიტინგს. ორი ულვაშიანი კაცი იყო, მათ ხსოვნას ვენაცვალე - მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. ეს რუსები გვეუბნებიან, რომ მათი ბრძოლა, რასაც სიცოცხლე შესწირა ორივემ, თურმე ამაო ყოფილა, რომ თურმე ისევ რუსეთში უნდა წაგვათრიონ, მაგრამ - ვერ.
არც პარლამენტის წევრად დავბადებულვარ და არც მასე ვაპირებ სიკვდილს, არც პოლიტიკოსად დავბადებულვარ და არც მასე ვაპირებ სიკვდილს, მაგრამ მე დავიბადე ქართველად და ვაპირებ, რომ მოვკვდე ქართველად.
მჯერა, ზემოთ რომ ავალ, გიორგი ანწუხელიძე რომ დამხვდება, შინდისის გმირი ალეკო ონიანი რომ დამხვდება, ჩვენი მაგარი წინაპრები რომ დამხვდებიან, მინდა თავდახრილი არ ავიდე და არ შევხედო თვალებში.
მეც მეშინია, რა თქმა უნდა, არც მე ვარ დარწმუნებული ბოლომდე, მაგრამ ენაცვალოს საქართველოს ჩემი სიცოცხლე. თუ საჭიროა, რომ მოვკვდე ამ დღეებში, მზად ვარ, რომ მოვკვდე, სულ რომ ცემაში სული ამომხადონ, ენაცვალოს ჩემი თავი საქართველოს.
არ დავიხევ უკან - არ შეშინდეთ, გამაგრდით! ამ ქარაქუცებს ვაჩვენოთ სეირი!“ - თქვა ელისაშვილმა.