პრობლემა ბიულეტენებში კი არა, ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებსა და სიებშია, ამიტომ, თუ ხელისუფლებას სურს დაამტკიცოს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩაატარა, გახსნას არამარტო ლოტოტრონის მიერ შერჩეული, არამედ ყველა უბნის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები და სიები და დაიწყოს მათი ერთმანეთთან შედარება, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
ამ მოთხოვნის საფუძვლად თამარ კორძაიამ მის მიერ დღესვე ჩატარებული ბრიფინგი დაასახელა, სადაც კოალიცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნას მოითხოვს იმ მასობრივი დარღვევების გამო, რომლის ვიდეომტკიცებულება ბრიფინგზე იყო წარმოდგენილი.
"დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია ლოტოტრონის მეშვეობით შეარჩევს იმ უბნებს, რომლებსაც გახსნიან და გადათვლიან ხელახლა. დღევანდელი ჩვენი ბრიფინგიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ არამხოლოდ ლოტოტრონით შერჩეულ უბნებზე, არამედ გაცილებით მეტზე და, სასურველია, ყველაზე გაიხსნას არამარტო ბიულეტენები, არამედ ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები. ე.წ. ჩეკები, სადაც ამომრჩეველმა მოაწერა ხელი ბიულეტენის გაცემაზე. ეს ქვითრები უნდა იყოს დალუქული და შედარდეს ვერიფიკაციის აპარატში არსებულ სიებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოტოტრონით შერჩეული უბნების გახსნა და გადათვლა არავითარ შედეგს არ აჩვენებს და ხელისუფლება კიდევ ერთხელ იტყვის, რომ არავითარი პრობლემა არ ყოფილა. პრობლემა არ არის ბიულეტენებში, პრობლემა არის სხვაგან: ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებსა და სიებში, ამიტომ, თუ ხელისუფლებას სურს დაამტკიცოს, რომ არჩევნები ჩაატარა კანონიერად და არავითარ გაყალბებას, ტექნოლოგიებით მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია, გახსნას ყველა უბანზე ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები და სიები და დაიწყოს ამ ყველაფრის ერთმანეთთან შედარება", - განაცხადა ბრიფინგზე თამარ კორძაიამ.