პარტია ფედერალისტები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 19:00 საათზე გამოცხადებულ აქციას უერთდება.
"26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი.
ოცნების შედეგი არის არა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანი, არამედ საქართველოს მოქალაქეების დაშინების, ზეწოლის, მასობრივი შანტაჟის, მოსყიდვის და თაღლითობის გზით მიღებული რიცხვი.
ახლა ჩვენი გამოწვევები კიდევ უფრო გართულდა. ძალაუფლებას კვლავ ინარჩუნებს რეჟიმი, რომელიც რეალურად რუსული ჰიბრიდული ომის იარაღია და ემსახურება კრემლის გეოპოლიტიკურ ამოცანას, რომ მოხდეს ისტორიის რევიზია, გადაიხედოს ცივი ომის შედეგები, საქართველო ჩამოშორდეს თავისუფალ სამყაროს და იქცეს რუსეთის ბუფერულ ზონად, რაც ადრე თუ გვიან, უდიდეს მსხვერპლს და სუვერენიტეტის დაკარგვას მოიტანს - ამის დასტური ჩვენი ისტორიაა.
ფედერალისტები ვუერთდებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გამოცხადებულ აქციას, რომელიც დღეს 19:00 საათზე იმართება პარლამენტთან, რათა ქართველ ხალხთან ერთად გამოვხატოთ პროტესტი იმ პროცესის მიმართ, რაც გასული თვეების განმავლობაში საკუთარი თვალით ვიხილეთ.
კრიმინალური მეთოდების გარდა, ივანიშვილის რეჟიმმა ისარგებლა იმით, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა ჯგუფებმა და მათთან აფილირებულმა მედიამ პრაქტიკულად უარი თქვეს რეჟიმის მიერ ომის შიშის დანერგვის წინააღმდეგ არგუმენტირებულ კამპანიაზე, ისევე როგორც თავისუფალ, შინაარსობრივ დისკუსიაზე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის.
ამიტომ, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ხსენებულმა პარტიებმა და მედიამ კრიტიკულად შეხედონ საკუთარ მოღვაწეობას და გაიაზრონ, რომ თუ ბელადების და დონორების ნაცვლად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების სამსახურში არ ჩადგებიან, რაც ქართული ოპოზიციური პოლიტიკის სისტემურ გადატვირთვას საჭიროებს, ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება კიდევ უფრო გაჭიანურდება და გართულდება"- აღნიშნულია განცხადებაში.