აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ბენ კარდინი აცხადებს, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელია, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოში არჩევნების დღემ დარღვევებით ჩაიარა. მისივე თქმით, გააგრძელებს მუშაობას, რათა განსაზღვრომ შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში.
"საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები არის როგორც შემაშფოთებელი, ასევე იმედგამაცრუებული, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოში არჩევნების დღემ ძალადობით, დაშინებით, აკრედიტებული დამკვირვებლების გაძევებით საარჩევნო უბნებიდან და პროცედურების არათანმიმდევრული გამოყენებით ჩაიარა. ეს წინასაარჩევნო პერიოდის გაგრძელებაა, რომელიც დაბინძურდა ეგრეთ წოდებული „გამჭვირვალობისა და საგარეო გავლენის შესახებ კანონის“ ამოქმედებით, რომელიც ანადგურებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მმართველი პარტიის საკვანძო ფიგურების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების მუქარასთან ერთად, ამ ქმედებებმა დიდი ჩრდილი მიაყენა საქართველოს დემოკრატიულ პროცესს.
საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრები არაერთხელ აფრთხილებდნენ, რომ დემოკრატიული უკანდახევა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მისწრაფებებს დასავლურ ინსტიტუტებში, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო - მისწრაფებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. მე გავაგრძელებ პოსტსაარჩევნო გარემოს მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა განვსაზღვრო შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში,“ -აღნიშნულია განცხადებაში.