ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტთან. გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება უახლოეს საათებში. იმედი მაქვს, სრული ერთიანობა იქნება პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ გუშინდელ არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა არჩევანმა და ხალხმა ნდობის მანდატი მისცა კოალიციურ, პროდასავლურ ხელისუფლებას და არა ივანიშვილის რუსულ, ერთპარტიულ მმართველობას. ივანიშვილმა მიიტაცა საარჩევნო შედეგი, მოიპარა ქართველი ხალხის მიერ მოგებული არჩევნები და შესაბამისად, როგორც ჩვენ გუშინ განვაცხადეთ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებს არ აღიარებს. დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტთან, გვაქვს ძალიან ინტენსიური კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება უახლოეს საათებში და დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება სრული ერთიანობა პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე, - ამბობს „ერთიანობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა.