საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ არ არის საინტერესო საკითხი, შევლენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში.
მისი თქმით, არც პარტიული შინაარსით და არც ადამიანური რესურსით არცერთი მათგანი არ არის საინტერესო საპარლამენტო მუშაობისთვის.
კობახიძე ამბობს, რომ, ყველა შემთხვევაში, პარლამენტი იქნება ლეგიტიმური.
„ჩვენთვის არ არის ეს საინტერესო საკითხი, მაინცდამაინც ღირებული არცერთი პარტია და არცერთი მათი წარმომდგენელი არ იქნება პარლამენტისთვის. იცით, რა პარტიებზეა საუბარი და იცით, რა სახეები ჰყავთ მათ საკუთარ პარტიებში. საუბარია როგორც „ნაცმოძრაობაზე“, ისევე მეორე „ნაცმოძრაობაზე“, ისევე მესამე „ნაცმოძრაობაზე“, ისე მეოთე „ნაცმოძრაობაზე“. არც თავისი პარტიული შინაარსით და არც ადამიანური რესურსით არცერთი მათგანი არ არის საინტერესო საპარლამენტო მუშაობისთვის. შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ამით ვერ დავინტერესდებით, ვერ დავკავდებით, ამაზე დროს ვერ დავხარჯავთ, მათი გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არ შემოვლენ. ასეც და ისეც, პარლამენტი იქნება ლეგიტიმური, ერთ მდინარეში მეორედ ვერ შეხვალ, შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ იმავე პროცესების გამეორებას, რაც მათ განახორციელეს ამ ქვეყანაში ოთხი წლის წინ, რითიც ისინი ცდილობდნენ, დაეზიანებინათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. იმავეს მეორედ ვერ გააკეთებენ. მათი გადასაწყვეტია, ვისაც უნდა შემოვიდეს, ვისაც არ უნდა, ნუ შემოვა“, – განაცხადა კობახიძემ.