უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავას თქმით, ეგზიტპოლებით არა რომელიმე პარტიამ, არამედ ქართველმა ხალხმა და საქართველოს ევროპულმა მომავალმა გაიმარჯვა.
"მიუხედავად ძალადობისა, გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა ქართული ოცნება, ივანიშვილის დრო დასრულდა. ეს ვნახეთ ჩვენ იმ ეგზიტპოლებში, რომლებიც ახლა გამოქვეყნდა. ქართველმა ხალხმა ამ ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე, კოალიციურ ხელისუფლებაზე. ჩვენ ა, ნდობას, რომელიც მივიღეთ ქართველი ხალხისგან, ვეპყრობით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით. შესაბამისად, უმოკლეს დროში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად შეიყვანს ევროკავშირში"- თქვა ბოკუჩავამ.
მან ასევე ისაუბრა არჩევნებში პრეზიდენტ ზურაბიშვილის როლზე და ქართულ ქარტიაზე.
"მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტი ზურაბიშვილის როლს. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ქარტია, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც დღეს მიიღო ქართველი ხალხის ნდობა, არის ამავდროულად ხელმომწერი ქართული ქარტიის. შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე უმოკლეს დროში პრეზიდენტი ზურაბიშვილის ჩართულობით შეიქმნება პროცესი ქართული ქარტიის ირგვლივ იმისთვის, რომ დაკომპლექტდეს მთავრობა და ქვეყანა.
საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის დასრულებისთანავე, ტელეკომპანიებმა "იმედმა", "მთავარმა არხმა" და "ფორმულამ" ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს.
"იმედის" ეგზტიპოლი "გორბმა" ჩაატარა. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
• ქართული ოცნება - 56,1%;
• ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 11,6;
• კოალიცია ცვლილებისთვის - 12,6%;
• ძლიერი საქართველო - 7;
• გახარია საქართველოსთვის - 4,8;
• გირჩი - 3;
• პატრიოტთა ალიანსი - 2,2;
• სხვა - 2,7.
"მთავარი არხის" დაკვეთით ეგზიტპოლი ჩაატარა HarrisX-მა:
• ქართული ოცნება - 42%;
• ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 13%;
• კოალიცია ცვლილებისთვის - 18%;
• ძლიერი საქართველო - 9%;
• გახარია საქართველოსთვის - 8%.
"ფორმულის" დაკვეთით კი ეგზიტპოლი ჩაატარა Edisson Research-მა:
• ქართული ოცნება - 40,9%;
• ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 16,7%;
• კოალიცია ცვლილებისთვის - 16,7%;
• ძლიერი საქართველო - 10,3%
• გახარია საქართველოსთვის - 8,2%;
• გირჩი - 2,3%;
• პატრიოტთა ალიანსი - 2%;
• ლეიბორისტული პარტია - 2%;
• სხვა - 0,9%.