არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით 14:00 საათის მონაცემებს ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშ წერია, "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრის პროცესში შეიმჩნევა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე. ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის მიხედვით, დამკვირვებელთა 9,1 %-დან დაფიქსირდა ინციდენტები. მათ შორის დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვისა და მათზე ფიზიკური ძალადობის, ამომრჩეველთა მობილიზებისა და ელექტრონული აპარატების ხარვეზების არაერთი შემთხვევა.
მათივე ცნობით, მარნეულის საარჩევნო ოლქის #69 უბანში დაფიქსირდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა, ამბროლაურის #18 საარჩევნო უბანში კი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ორჯერ მისცა ხმა.
ამასთან ერთად, საარჩევნო უბნების მიმდებარედ, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში, შეინიშნება არაუფლებამოსილი პირების შეკრება, მათ შორის პარტიის კოორდინატორების მობილიზება, აგრეთვე, მათ მიერ ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირებისა და მათ შესახებ ინფორმაციის მოგროვების შემთხვევები, რაშიც ძირითადად მმართველ პარტიასთან, „ქართულ ოცნებასთან“, დაკავშირებული პირები ფიგურირებენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებებსაც.
14:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
დაკვირვების უფლების შეზღუდვა
#30 კასპის საარჩევნო ოლქის პირველი სარჩევნო უბნის გარეთ „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა დააფიქსირა აგიტაცია და აგიტატორს ფოტო- სურათი გადაუღო, რის გამოც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს;
#44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქის #18 უბანში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს კომისიის წევრმა ინციდენტის დაფიქსირებისა და ფოტოზე აღრიცხვის დროს კუთვნილი მობილური ტელეფონი წაართვა;
#5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის 3 სარჩევნო უბანში რეგისტრატორის მაგიდები იმდენად ახლოს იყო კედელთან, რომ უბანში მყოფ აკრედიტირებულ დამკვირვებლებს სათანადო დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ;
#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანში კენჭისყრის შენობის არასათანადო მოწყობის და უბნის სიმცირის გამო, დამკვირვებლებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, დააკვირდნენ ამომრჩეველთა ვერიფიკაცია/რეგისტრაციის პროცესს. ამასთანავე, საარჩევნო კომისიის წევრები ხელს უშლიან დამკვირვებლებს, შეუფერხებლად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება.
ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #21 უბანში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არ იქნა პროცედურის შესაბამისად გამოკრული.
ბიულეტენის გადაცემასთან დაკავშირებული პრობლემები
#5 ისნის საარჩევნო ოლქის #17 უბანში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველს ერთზე მეტი ბიულეტენი გადაეცა;
#1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანში რეგისტრატორმა ამომრჩეველს გადასცა ორი ბიულეტენი. დამკვირვებლის მითითების საფუძველზე, დარღვევა აღმოიფხვრა;
#1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #31 უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს გადასცა სამი ბიულეტენი, თუმცა ხმის მიცემამდე დამკვირვებლებმა დააფიქსირეს აღნიშნული დარღვევა. კომისიამ სამივე ბიულეტენს მოაჭრა კუთხე და დალუქა. ამის შემდეგ, ამომრჩეველმა უარი განაცხადა კენჭისყრის პროცესში მონაწილეობაზე.
მარკირების წესის დარღვევა
#39 ასპინძის საარჩევნო ოლქის #23 უბანზე დაფიქსირდა მარკირების წესების დარღვევა.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #46 უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველმა ხმამაღლა დააფიქსირა, თუ ვის მისცა ხმა და ყველას დაანახა ბიულეტენი;
#55 ხონის #23 უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი კაბინაში შეყვა ამომრჩეველს, რომელიც არ საჭიროებდა დახმარებას, ამომრჩეველმა მასთან ერთად მისცა ხმა;
#25 წალკის ოლქის 32 უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ამომრჩევლებმა ხმის მიცემისას, კაბინაში ბიულეტენს ფოტო გადაუღეს;
#23 ბოლნისის #49 უბანზე ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემისას მასთან მივიდა მეორე პირი (ამომრჩეველი), რომელიც ცდილობდა იმის გამორკვევას, თუ ვის მისცა მან ხმა. ამავე უბანზე, ამომრჩეველმა კაბინიდან გამოსვლის შემდგომ, კომისიის წევრს აჩვენა ბიულეტენი;
#16 ყვარლის ოლქის # 9 უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ფარული კენჭისყრის კაბინის წინ იდგა და დაინახა თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა;
#44 ამბროლაურის ოლქის #18 უბანზე დაფიქსირდა 4 შემთხვევა, როდესაც ორი და მეტი ამომრჩეველი ერთად შედიოდა კენჭისყრის კაბინაში;
#44 ამბროლაურის ოლქის #18 უბანზე ამომრჩევლები კაბინაში ფოტოს უღებდნენ ბიულეტენს;
სალონიკის #41 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ამომრჩეველს შეჰყვა კენჭისყრის კაბინაში. ვინაიდან მითითების შესაბამისად დარღვევა არ აღმოიფხვრა, საჩივარი დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიაში.
მრავალჯერადი ხმის მიცემა
#22 მარნეულის ოლქის #71 უბანზე დაფიქსირდა მრავალჯერადი ხმის მიცემის 2 შემთხვევა;
#44 ამბროლაურის ოლქის #18 უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კომისიის წევრმა შეავსო ორი ბიულეტენი და ორივე ჩააგდო ყუთში.
ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემები
#1 მთაწმინდის ოლქის #16 უბანში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მწყობრიდან გამოვიდა სამივე ხმის მთვლელი აპარატი;
#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე ვერიფიკაციის აპარატები და ხმის მთვლელი აპარატები პერიოდულად გამოდის მწყობრიდან, რის გამოც ფერხდება კენჭისყრის პროცესი. ფაქტის შესახებ დაფიქსირდა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.
არაუფლებამოსილი პირების არსებობა საარჩევნო უბანზე
ისნის #5 საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე საარჩევნო უბანში იმყოფებოდა პოლიციის წარმომადგენელი, პერიოდულად საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გადიოდა საკითხებს. აღნიშნულ უბანზე, ასევე კენჭისყრა მიდის ქაოსურად;
ვაკის #2 საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანში ერთდროულად იმყოფებოდა საარჩევნო სუბიექტის („ქართული ოცნება“) ორი წარმომადგენელი. დამკვირვებლის მიერ ამ ფაქტის შესახებ მიმართვის შემდეგ, საარჩევნო სუბიექტის ერთმა წარმომადგენელმა დატოვა უბანი. ფაქტის შესახებ დაფიქსირდა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.
ვაკის #2 საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანში შევიდა არაუფლებამოსილი პირი, რომელსაც ეცვა პოლიციის ფორმა - შსს-ს ლოგოთი. იგი გაესაუბრა კომისიის თავმჯდომარეს, შედეგ კი დატოვა საარჩევნო უბანი. კომისიის მდივნის განმარტებით, არაუფლებამოსილი პირი შენობის დაცვის თანამშრომელი იყო. ფაქტის შესახებ დაფიქსირდა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.
საარჩევნო უბნების გარეთ დაფიქსირებული დარღვევები/ტენდენციები 10:00- 12:00
პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის რადიუსში)
#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე რადიუსში შეინიშნება უცხო პირთა შეკრება, რომლებიც აგრესიული ქცევით ხასიათდებიან, აწარმოებენ აგიტაციას „ქართული ოცნების” სასარგებლოდ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ ოპოზიციურ პარტიებს;
#52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბნის 100 მეტრის პერიმეტრს გარეთ შეკრებილია რამდენიმე ადამიანი, სავარაუდო მმართველი პარტიის წარმომადგენლები/მხარდამჭერები. ეს ადამიანები 3 მანქანაში არიან გადანაწილებულები და ამომრჩევლებთან კომუნიკაციას ამყარებენ;
#56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბნის 100 მეტრის გარეთ შეინიშნება მანქანების განთავსება, რომელში მყოფ პირებთან პერიოდულად კომუნიკაციას ამყარებს კენჭისყრის ოთახის შესასვლელთან განთავსებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი;
#35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბნის მიმდებარედ პირთა საეჭვო შეკრებას აქვს ადგილი, კერძოდ საარჩევნო უბნის კართან ძალიან ახლოს 6-7 ადამიანი დგას და აკვირდება ამომრჩევლებს. გარე დამკვირვებლის აღქმით, იქ მუდმივად მყოფი პირები ცდილობენ ამომრჩევლის ქცევაზე გავლენის მოხდენას;
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბნის შესასვლელთან რამდენიმე კოორდინატორია განთავსებული, რომლებსაც თან აქვთ ამომრჩეველთა სიებიც;
#7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #41 საარჩევნო უბნის მიმდებარედ დაფიქსირდა პირთა საეჭვო შეკრება 100 მეტრამდე პერიმეტრში.
სიტყვიერი დაპირისპირება
#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი პარტია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელსა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შორის.
ამომრჩევლის ორგანიზებული (არაერთჯერადი) მობილიზება
#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე განთავსებულია პარტია „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ პირთა მიკროავტობუსი, რომელშიც მყოფი პირები, სავარაუდოდ, აგროვებენ ინფორმაციას ამომრჩეველთა შესახებ;
#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ხორციელდება ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება მიკროავტობუსისა და ორი მსუბუქი ავტომანქანის მეშვეობით. კერძოდ, დროდადრო გადიან და მოჰყავთ ამომრჩევლები ხმის მისაცემად. ამასთან ერთად, შეინიშნება ხმის მიცემის შემდეგ ამომრჩეველთა ნაწილის მიკროავტობუსის შიგნით მსხდომ პირებთან კომუნიკაცია;
#57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ხორციელდება ამომრჩეველთა მრავალჯერადად ტრანსპორტირება ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით;
#20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბნის მიმდებარედ, კენჭისყრის შენობიდან დაახლოებით 30 მეტრის დაშორებით, ფიქსირდება ამომრჩევლების ორგანიზებული ტრანსპორტირება/კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბანთან. შეინიშნება ადგილზე ბაღის თანამშრომლების განთავსებაც. ისინი ესაუბრებიან უბნიდან გამოსულ ამომრჩევლებს და ახორციელებენ ამომრჩეველთა მობილიზებასაც;
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანთან მობილიზებული რამდენიმე პირი ახორცილებს ავტომობილით ამომრჩეველთა მრავალჯერადად ტრანსპორტირებას;
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორებთან ერთად, ამომრჩევლების მობილიზებაში ჩართული იყო ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ აკრედიტებული დამკვირვებელი.
ამომრჩეველთა აღრიცხვა
#57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბნის მიმდებარედ განთავსებულ ავტომანქანაში მყოფი 5 პირის მიერ ხდება ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა სიების გამოყენებით;
#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანთან მყოფი სამი კოორდინატორი აწარმოებს ამომრჩევლების აღრიცხვას. ისინი ტელეფონით უკავშირდებიან ამომრჩევლებს და მოითხოვენ მათგან უბანზე მოსვლას;
#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მობილიზებულია 2 კოორდინატორი. მათ, მობილურ ტელეფონებში, ელექტრონული სახით აქვთ სია;
#56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბნის გარე დამკვირვებლის ინფორმაციით, სარჩევნო უბნის გვერდით განთავსებულია მცირე ზომის შენობა, რომელშიც „ქართული ოცნების“ კოორდინატორები იმყოფებიან და, სავარაუდოდ, ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას აგროვებენ;
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში, დამკვირვებელმა დააფიქსირა მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი პირების მიერ ამომრჩევლების აღრიცხვის შემთხვევები.
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანთან 08:30 საათიდან მობილიზებული კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების მობილიზებისას „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის მიერ გამოვლენილი იქნა ერთ-ერთი ამომრჩევლისთვის 50 ლარის ოდენობით თანხის გადაცემის შემთხვევა.
საჩივრები, განცხადებები
14:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 34 საჩივარი, საოლქო საარჩევნო კომისიაში 13 საჩივარი და 22 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.