სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია გასულ წელს აფხაზეთისთვის "წარმატებულს და ნაყოფიერს" უწოდებს. ღვინჯია აცხადებს, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშის ვიზიტი ლათინურ ამერიკაში არა მხოლოდ 2010 წლის მოვლენაა, არამედ "მნიშვნელოვანია აფხაზეთის ისტორიისთვის".
"გავამყარეთ ურთიერთობა პარტნიორებთან, მეგობრებთან და მოკავშირეებთან. კერძოდ, რუსეთთან გაფორმებულია 30-ზე მეტი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება. ხელმოწერილია შეთანხმებები ასევე ჩვენს ლათინოამერიკელ მეგობრებთან - ნიკარაგუასთან და ვენესუელასთან", _ აცხადებს ღვინჯია და დასძენს, რომ "წინ აფხაზეთს ნიკარაგუასთან და ვენესუელასთან განსახორციელებელი ახალი საინტერესო პროექტები ელის".