მზად ვართ ევროპასთან თანამშრომლობისათვის, მაგრამ ეს თანამშრომლობა თავს საქართველოს გავლით არ უნდა მოგვახვიონ, - აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ღვინჯია სკეპტიკურად ეკიდება ევროკავშირის მიერ აფხაზეთთან თანამშრომლობის მიმართ არჩეულ ფორმულას - "ურთიერთობა აღიარების გარეშე".
"ჩვენ ვერ ვხედავთ მასში ვერავითარ შემადგენელ ნაწილს, გარდა დეკლარატიულისა და პოლიტიკურისა, რომლებიც გარკვეულწილად თან ახლავს საქართველოს სტრატეგიას ე. წ. ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ", _ განაცხადა ღვინჯიამ აფხაზური ტელევიზიის ეთერში სიტყვით გამოსვლისას.
"მზად ვართ ევროპასთან თანამშრომლობისათვის, იმ შემთხვევაში თუკი ეს თანამშრომლობა საქართველოს გავლით არ იგულისხმება. ჩვენ არ გვაქვს საქმე ევროპასთან და არ გვინდა კავშირი ევროკავშირთან საქართველოს გავლით", _ აცხადებს ღვინჯია.
მისი თქმით, "მომავალში ევროპა მზად იქნება დაიწყოს ნამდვილი, ცივილიზებული დიალოგი აფხაზეთთან და დასავლეთიც ადრე თუ გვიან შეცვლის მიდგომას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხთან მიმართებაში. ჯერჯერობით კი, მისი თქმით, აფხაზეთს არ მიუღია არავითარი მკაფიო სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთმა შეიძლება მოახდინოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის ინიცირება.
"ევროპა არ არის მზად აფხაზეთთან თანამშრომლობისთვის, ისე როგორც ეს უნდა იყოს", _ აცხადებს ღვინჯია და აღნიშნავს, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და არ შეიძლება რეალობის ასე დიდხანს უგულებელყოფა.
"აფხაზეთის არაღიარება ეს მათი პრობლემაა და არა ჩვენი", _ აცხადებს აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი.