“ოცნების” წარმომადგენელი კომისიის წევრები ამომრჩეველთა სიებს ბეიჯებში მალავენ. დამკვირვებლებს არ აძლევენ შესაძლებლობა გამოიყენონ თავიანთი უფლება და მიმდინარეობს ამომრჩევლებზე ზეწოლა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ აქტივობა არის საკმაოდ მაღალი.
ქუთაისის N11 და 7-ე უბანში მოხდა ორი ბიულეტენის გაცემა. გორის N80-ე, დედოფლის წყაროს N2-ე უბანში, მთაწმინდის N31-ე უბანში. სისტემურ დარღვევას აქვს ადგილი ასევე დამკვირვებლებთან მიმართებაში, როდესაც რეგისტრატორების უკან არ აძლევენ სათანადოდ დაკვირვების შესაძლებლობას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გუშინ მოვუწოდეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პერსონალურად გიორგი კალანდარიშვილს, რომ უზრუნველყოს დამკვირვებელს ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი ფუნქციები შეასრულოს დაუბრკოლებლად, მაგრამ ცესკოდან ვერ ვხედავთ რეაგირებას.
ასევე, ჩვენს მიერ გამოვლინდა საჯარო მოხელეების მხრიდან ზეწოლის ფაქტები ასპინძის მე-20 უბანზე რწმუნებული ნოდარ ბაბელაშვილი, დეპუტატი გოჩა ყრუაშვილი ახდენენ ამომრჩეველზე ზეწოლას. მათ გაიყვანეს კომისიის ორი წევრი უბნიდან, აძლევენ მითითებს და ერევიან კომისიის წევრების საქმიანობაში.
ქარელის რაიონში, ადიშში, N7-ე უბანზე გამგებლის წარმომადგენელი სულო მარგველაშვილი ახორციელებდა ასევე ამომრჩეველზე ზეწოლას.
ძალიან მნიშვნელოვან დარღვევას ჰქონდა ადგილი
გარდაბნის 54-ე უბანზე, ამ წუთში ჩვენ უკვე ვწერთ საჩივარს, აბელ მირზოევმა წაიღო გადასატანი საარჩევნო ყუთი და მას გაჰყვნენ მხოლოდ “ქართული ოცნების” კომისიის წევრები და არ გააყოლეს დამკვირვებლები, რაც სერიოზული დარღვევაა.
სამგორის 38-ე უბანზე მარკირების სითხე არ არის საერთოდ და არ რჩება ამომრჩევლის მარკირება. გიორგი კალანდარიშვილს მოვუწოდებთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს სწორედ ამ უბანზე, რადგან ეს არის უბანი, სადაფ ჩასახლებული არიან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები და შესაძლოა იქ მისული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი საღამოს სხვა უბანზე აღმოჩნდნენ სპეც სიაში და ეს შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს არცერთ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს.
ასევე, ჩვენს მიერ გამოვლინდა ამომრჩეველთა აღრიცხვა უბნებზე და “ოცნების” კოორდინატორები არიან აბსოლუტურად მობილიზებული უბნებთან და საარჩევნო სიები აქვთ იმისთვის, რომ მოახდინონ აღრიცხვა. ეს არის ქუთაისის მე-7, 64-ე და მე-11 უბნები. ბათუმის მე-5 უბანი. ლაგოდეხში. ზუგდიდის მე-10 უბანი, მარტვილის მე-9 უბანი, ბოლნისის 51-ე და 52-ე უბნების მიმდებარედ. მარნეულის მე-3 და მე-5 უბანი. ისნის 30-ე უბანი. საინტერესო და ძალიან ყურადსაღები ფაქტია დარღვევა მარტვილში, კომისიის წევრებს და
დამკვირვებლებს ბეიჯებში უდევთ ამომრჩეველთა სია და ამ ფორმით მალავენ, ამის დასადასტურებელ ვიდეო მასალებს ნახავთ ჩვენს მიერ გაშვებულ კადრებში.
და კიდევ, დამკვირვებლებზე ზეწოლა ბათუმის მე-2 უბანზეც ხდება და ქუთაისის 48-ე და 47-ე უბნებზე.
იმისათვის, რომ დღევანდელი არჩევნები ჩაითვალოს სამართლიან, თავისუფალ და თანასწორ არჩევნებად, აუცილებელია, რომ ყველა ეს დარღვევა იყოს დაუყოვნებლივ აღმოფხვრილი
და მთელი დღის განმავლობაში არჩევნები ჩატარდეს მშვიდად ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, ამიტომ პერსონალური პასუხისმგებლობა ამ არჩევნების ჩატარების, ეკისრება გიორგი კალანდარიშვილს, რომელმაც უნდა აიღოს მართვის სადავეები და არ დაუტოვოს “ოცნებას” ძალადობის სივრცე. ამიტომ, მოვუწოდებ გიორგი კალანდარიშვილს გამოვიდეს, საჯაროდ მოუწოდოს კომისიის წევრებს, რომ დაიცვან კანონი, ყოველწუთიერად მისცეს მითითებები თუ რა არის კანონში დაწერილი
იმისათვის, რომ ამომრჩევლის ნება იყოს გათვალისწინებული და იყოს ყურადღებით, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით.” - განაცხადა თამარ კორძაიამ