საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საჯარო მოხელეების საუკეთესო დაცვა კოალიციურ მმართველობაზე გადასვლა იქნება.
ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ყველამ უნდა იფიქროს არა მხოლოდ დღევანდელ შიშზე, არამედ იმაზე, რომ ეს ხელისუფლებაც შეიცვლება, არაფერია მუდმივი და მოვა ხელისუფლება, რომელიც არ დაემუქრება, რომელიც არ შეუწყვეტს დახმარებას და ეს არის ჩვენი მომავალი, რომ ვიცხოვროთ ამ შიშების გარეშე, ამ აგიტატორების გარეშე, ამ კოორდინატორების გარეშე, ამ მიკროავტობუსების გარეშე და საჯარო მოხელეებზე ზეწოლის გარეშე.
მე, როგორც პრეზიდენტმა, მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს და ვუთხრა, რომ სწორედ მათი ყველაზე კარგი დაცვა არის ის, რომ ჩვენ გადავდივართ ერთპარტიულობიდან მრავალპარტიულობაზე, კოალიციურ მმართველობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მმართველი აღარ იქნება, ერთის ხელში აღარ იქნება ეს ზეწოლები და ამდენად, ბევრად უფრო განთავისუფლებული იქნება გარემო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.