პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნებში გამორიცხავს ყველაფერს, გარდა პროევროპული ძალების გამარჯვებისა.
"თუ-ზე არ ვსაუბრობ, გმადლობთ. გამოვრიცხავ ყველაფერს, გარდა ევროპული ძალების გამარჯვებისა და ევროპული საქართველოს გამარჯვებისა". - თქვა ზურაბიშვილმა კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში გაიმარჯვებს.
ზურაბიშვილმა ასევე ჰკითხეს, რა იქნება არჩევნებში ივანიშვილის მარცხის შემთხვევაში ბერკეტები, რომელიც მას ძალაუფლებას დაათმობინებს და არსებობს თუ არა უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები ივანიშვილისთვის. პრეზიდენტის თქმით, მთავარი ბერკეტი ახლა არჩევნებზე მაღალი აქტივობაა.
"მთავარი ბერკეტი, რაც არსებობს, არის ხალხი და ხალხის ნება, რომელიც გამოიხატება ამ არჩევნებზე დიდი აქტივობით და ნამდვილი, ნაღდი, ცხადი შედეგი არჩევნებში. მერე ყველაფერი ამას მოჰყვება, რაც საჭირო იქნება. ეს გამოცდილი არის საერთაშორისო დონეზე, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული. მაგრამ დღეს, ჯერ ხალხის ნება უნდა გამოიხატოს.
არაფერი კონკრეტიკა არ არის ამაში, ეს არის ჩვეულებრივი ფორმა, როცა ავტორიტარული რეჟიმები თავდება, რომ რაღაცა ფორმით გარანტიებზე შეიძლებოდეს საუბარი. მეტი კონკრეტიკა არ არსებობს და არც იარსებებს. დღეს მთავარია არჩევნების შედეგი და ეს იქნება მთავარი გარანტია სტაბილურობის და ყველას მომავლის", - თქვა ზურაბიშვილმა.