საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 ოქტომბერს დაგეგმილ მარშს „მე ვირჩევ ევროკავშირს უერთდება.
პრეზიდენტმა ამის შესახებ ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფიმგზე განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ხვალ ძალიან ბევრი იქნებით, მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს არის ძალიან დიდი დღე იმიტომ, რომ ჩვენი სტაბილურობაც არის ამაზე დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ მშვიდად გავიდეს ხალხი და აჩვენოს თავის ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს. მე დარწმუნებული ვარ ასეც მოხდება, ჩვენ დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, პოლარიზაციას, ერთმანეთის სიძულვილს," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
20 ოქტომბერს თბილისში ევროპული მარში ჩატარდება. 17:00 საათზე დაიწყება და მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ.
მსვლელობის მონაწილეები 17:00 საათზე შემდეგ ლოკაციებზე შეიკრიბებიან: რესპუბლიკის მოედანი; გმირთა მოედანი; 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა); მარჯანიშვილის მოედანი; ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა). მოგვიანებით კი, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.