გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების მოგვარების საქმეში.
„წინ რთული ზამთარი გველის და არ უნდა დავისვენოთ, არ უნდა დავიღალოთ“, - თქვა ბაიდენმა ბერლინში შოლცთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან მადლობა გადაუხადა შოლცს და გერმანიის მთავრობას „დაუღალავი“ მუშაობისთვის, რათა უკრაინამ მოიგოს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი და წააგოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმურ პუტინმა.
ბაიდენის თქმით, აუცილებელია მხარდაჭერის გაგრძელება ვიდრე „უკრაინა სამართლიან და მდგრად მშვიდობას არ მიაღწევს“.
მიუხედავად იმისა, რომ ფასი სავარაუდოდ მნიშვნელოვანი იქნება დასავლელი მოკავშირეებისთვის, "ცხოვრების საფასურთან შედარებით, ის ფერმკრთალდება იმ სამყაროში, სადაც დომინირებს აგრესია, სადაც დიდი სახელმწიფოები თავს ესხმიან და აშინებენ პატარა ქვეყნებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გერმანიის კანცლერმა თავის მხრივ განაცხადა, რომ გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას, ვიდრე საჭირო იქნება.
"პუტინმა არასწორად გათვალა... ის ვერ გაუძლებს ამ ომს“, - განაცხადა შოლცმა.
ამავდროულად, მან გააფრთხილა ნატო კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის შესახებ, „რათა ეს ომი არ გადაიზარდოს კიდევ უფრო დიდ კატასტროფაში“.
შოლცმა ასევე მადლობა გადაუხადა ბაიდენს ვაშინგტონსა და ბერლინს შორის „მჭიდრო და სანდო“ ურთიერთობისთვის ამ „ძალიან რთულ დროს“.
გერმანიისა და შეერთებული შტატების ლიდერები მიესალმნენ ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროების მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს ტერორისტული ორგანიზაციის ჰამასის ლიდერის იაჰია სინვარის ლიკვიდაციას.
ბაიდენმა მას "სამართლიანობის მომენტი" უწოდა და თქვა, რომ სინვარს ხელებზე ისრაელელების, პალესტინელების, ამერიკელების, გერმანელების და მრავალი სხვა ხალხის სისხლი" ჰქონდა.
მან თქვა, რომ მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, გამოიყენოს ეს მომენტი, როგორც მშვიდობის გზაზე დადგომის შანსი , უკეთესი მომავლისკენ ღაზის სექტორში „ჰამასის“ გარეშე.
შოლცმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ მალე „გაიხსნება კონკრეტული პერსპექტივები ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევაზე“.
"ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ძალიან მკაფიოდ ვთქვა. ჩვენ ისრაელის გვერდით ვართ", - განაცხადა შოლცმა.