სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკვე გაგზავნა 1500 სპეცრაზმელი უკრაინის ომში რუსეთის დასახმარებლად. მათივე ცნობით, ისინი უკვე ჩავიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
ეს არის ჩრდილოეთ კორეის სახმელეთო ძალების პირველი ფართომასშტაბიანი განლაგება, რომელსაც მოსალოდნელია, რომ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი შედეგები მოყვეს არა მხოლოდ კორეის ნახევარკუნძულზე, არამედ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიასა და მის ფარგლებს გარეთ.
სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ მან „აღმოაჩინა ჩრდილოეთ კორეის სპეცრაზმის გადაყვანა რუსეთის ტერიტორიაზე რუსული საზღვაო სატრანსპორტო გემების გამოყენებით“.
ეს ადასტურებს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ჩართულობის დაწყებას.
სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, ჩონჯინის, ჰამჰუნისა და მუსუდანის მიმდებარე ტერიტორიებიდან ვლადივოსტოკში 1500 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი უკვე გადაყვანილია 4 სადესანტო გემის და 3 რუსული ესკორტის გემის დახმარებით. მეორე სატრანსპორტო ოპერაცია სავარაუდოდ მალე განხორციელდება.
„ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, გაგზავნის დაახლოებით 12000 ჯარისკაცს უკრაინის ომში, მათ შორის ელიტარული სპეცოპერაციების ძალების ოთხი ბრიგადას, მე-11 არმიის ჯგუფს და ეგრეთ წოდებულ „შტორმულ კორპუსს“, - თქვა სამხრეთ კორეის დაზვერვის წყარომ.
ჩრდილოეთ კორეის ძალები რუსეთში ამჟამად განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზებზე ვლადივოსტოკში, უსურიისკში, ხაბაროვსკში და ბლაგოვეშჩენსკში.
მოსალოდნელია, რომ მათ ფრონტზე გაგზავნიან აკლიმატიზაციის ტრენინგის დასრულებისთანავე.