საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს, 17 ოქტომბერს, ლამარა მარგოშვილი (სიკვდილის შემდეგ) და როსტომ ფარეულიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ლამარა მარგოშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის პედაგოგი იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა იგი „ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის დააჯილდოვა“. ჯილდო მის შვილიშვილს, დავით გაურგაშვილს გადაეცა.
„ასევე, ღირსების მედლით დაჯილდოვდა საქართველოში კავკასიელ ხალხთა ლინგვისტური მრავალფეროვნების კვლევისათვის, კავკასიელ ხალხთა ენებისა და კულტურის სწავლებასა და წარმოჩენაში, ჩეჩნური ენის გადარჩენა-განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, ლინგვისტი კავკასიოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი როსტომ ფარეულიძე“, – ნათქვამია განცხადებაში.