უკრაინის ბრძოლის ველზე რუსული არმია სექტემბერში მოკლულებისა და დაჭრილების სახით, ყოველდღიურად კარგავდა საშუალოდ 1 271 სამხედროს.
ასეთი მონაცემები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსანმა წარმოადგინა ბრიფინგზე, რომელიც თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.
ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ: მაისში ნატო-ს მონაცემებით რუსეთის არმია ყოველდღიურად საშუალოდ 1000-ს სამხედროს კარგავდა.
მაღალჩინოსანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის პროგნოზების მიხედვით, ასეთი დანაკარგები რუსეთის მხრიდან 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
მან რუსეთის დანაკარგების ზრდას დაუკავშირა ის, რომ ახლა სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს არა მარტო ხარკოვის, არამედ რუსეთის კურსკის ოლქშიც და ზოგადად ბრძოლები გაძლიერდა ფრონტის მთელ ხაზზე.
მაღალჩინოსნის თქმით, ამავდროულად, რუსეთში თვეში დაახლოებით 30 ათასი ადამიანის რეკრუტირება ხდება, მისივე თქმით, რუსეთის ჯარები აქამდე ახერხებდნენ ადამიანური რესურსების შევსებას, მაგრამ მნიშვნელოვანი გარღვევისთვის მათ მობილიზაციის ახალი ტალღა დასჭირდებათ .
ნატო-ს წარმომადგენელმა არ დააფიქსირა დანაკარგები უკრაინელ სამხედროებს შორის რუსული უახლესი თავდასხმების მოგერიებისას, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და შევსების ტემპის შესახებ.
ამასთან, ალიანსში ამბობენ, რომ რუსეთი აგრძელებს უმნიშვნელო, მაგრამ სტაბილურ ტაქტიკურ წინსვლას აღმოსავლეთ უკრაინაში და ეს ტენდენცია გაგრძელდება უახლოეს თვეებში.
თუმცა, ნატო-ში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის ჯარებს აფერხებს არასაკმარისი მომზადება, ოფიცრების დეფიციტი და ტექნიკის მწყტობრიდან გამოსვლა.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ძლიერი წინააღმდეგობის და დასავლური იარაღის გაზრდილი მომარაგების გამო რუსეთის ჯარებს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გარღვევის მიღწევა.