კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა. ComCom-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, 21:00 საათზე, „სეზონი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში გავიდა გადაცემა „დღის შეჯამება ნიკოზოლ მჟავანაძესთან ერთად“, რომელიც შეიცავდა შეურაცხმყოფელ და უცენზურო ლექსიკას როგორც წამყვანის, ისე მიწვეული სტუმრის მიერ.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უცენზურო და შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი გადაცემები 15 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ პროგრამას წარმოადგენს, შესაბამისად, კანონი მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას, დაიცვას არასრულწლოვანთა ინტერესები და 18:00-დან 23:00 საათამდე ეთერში არასრულწლოვანისთვის შეუფერებელი პროგრამა არ განათავსოს. გამომდინარე იქიდან, რომ „სეზონი ტვ“-ის ეთერში უცენზურო და შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოყენებული იყო 21:00 საათიან გადაცემაში, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებელმა კანონმდებლობა დაარღვია.
საგულისხმოა ისიც, რომ შეურაცხმყოფელი ლექსიკა გამოყენებული იყო პირდაპირ ეთერში, შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის აღსაკვეთად, მაუწყებელი ვალდებული იყო გაეტარებინა ისეთი გონივრული ღონისძიებები, როგორებიცაა პირდაპირ ეთერში გადაცემის შეჩერება ან პროგრამის წამყვანის მიერ სტუმრისთვის შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების ხელშეშლა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ წამყვანმა არათუ შეაჩერა სტუმარი, არამედ თავადაც გამოიყენა შეურაცხმყოფელი ლექსიკა, ComCom-მა მიიჩნია, რომ პასუხისმგებლობა სრულად მაუწყებელს ეკისრება", - აღნიშNულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.
ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „სეზონი ტვ” ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.