გათავისუფლებული რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი კვლავ აქციებისთვის ემზადება. ნემცოვი აცხადებს, რომ კვლავ აპირებს მიტინგის გამართვას 31 იანვარს ტრიუმფალურ მოედანზე. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას რუსული მედია აღნიშნავს, რომ ბორის ნემცოვს საზღვარგარეთიდან დაფინანსებაში ადანაშაულებენ და რაც რუსული კანონმდებლობით აკრძალულია.
აღსანიშნავია, რომ ბორის ნემცოვის დაფინანსებით შესაძლოა მალე რუსეთის გენპროკურატურა დაინტერესდეს. რუსეთის დუმის დეპუტატმა ანტონ ბელიაკოვმა გენერალურ პროკურატურაში მოთხოვნა გააგზავნა, რომელშიც მოითხოვს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ შეამოწმოს - ხომ არ ფინანსდება რადიკალური ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი საზღვარგარეთიდან.
"რუსული კანონმდებლობა პირდაპირ კრძალავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ან შექმნას ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ", _ აცხადებს დეპუტატი ბელიაკოვი პარტია "სპრავედლივაია როსიადან".
მისივე თქმით, ბოლო დროს რუსული პრესა აქტიურად აშუქებდა ნემცოვის საზღვარგარეთის მოგზაურობებს. მისმა დაკავებამ კი უცხოელი პოლიტიკოსების არნახული კრიტიკის ტალღა გამოიწვია - "და ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ნემცოვი დამნაშავედ აღიარა".
"გახსოვთ, ლუჟკოვის დროსაც აკავებდნენ ბორის ნემცოვს, მაგრამ მაშინ ეს რიგითი მოვლენა იყო. ახლა კი განცხადებით გამოვიდა სენატორები ჯო ლიბერმანი, სწორედ ის ჯონ მაკკეინი და ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალური წარმომადგენელი მაიკლ ჰამერი. უკვე აღარაფერს ვამბობ საზღვარგარეთის მედიაზე, რომელმაც ისე გააშუქა ნემცოვის დაკავება თითქოს ეს სტიქიური უბედურება ყოფილიყო", _ აცხადებს დუმის დეპუტატი და რუსეთის გენერალურ პროკურორს იური ჩაიკას წერს: - "ყოველივე ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაფინანსების წყაროები შეამოწმოთ და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში მიიღოთ ზომები".
შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვი მილიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 31 დეკემბერს დააავეს.