„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი ცოდნით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით სხვადასხვა სფეროში წარმატებას აღწევენ და ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან. „30-წლამდელთა სიის“ ახალგაზრდა ლიდერები თავიანთი საქმიანობით ამტკიცებენ, რომ მათი ენერგია, ხედვა და მიზანდასახულობა პროგრესის საფუძველია.
Forbes Georgia-ს „30-წლამდელთა სია 2024“ გამორჩეული აღმოჩნდა „თეგეტა ჰოლდინგისთვის“. კატეგორიაში: „ტექნოლოგიები და ელკომერცია“ თეგეტას ტექნოლოგიების მიმართულების მთავარმა ოფიცერმა ლევან მამულაშვილმა გაიმარჯვა, ხოლო ჰოლდინგის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მანანა ხინაშვილმა 30 UNDER 30-ის ორ კატეგორიაში მოიპოვა აღიარება: ის ფინანსების სფეროში გამარჯვებული და „ფორბსის“ რჩეულის სტატუსის მფლობელი გახდა.
ბაკალავრიატი - ფინანსების ინგლისურენოვანი პროგრამა - მანანას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აქვს დამთავრებული. მაგისტრატურა თავისუფალ უნივერსიტეტში გაიარა ოპერაციების მართვის მიმართულებით. მისი პირველი სამუშაო ადგილი ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია იყო, სადაც ჯერ ისევ სტუდენტმა კვლევების ანალიტიკა ჩაიბარა. სწავლის დამთავრების შემდეგ საჯარო სამსახურში გადაინაცვლა - იუსტიციის სამინისტროს სსიპში სამი წლის განმავლობაში იმუშავა ბიუჯეტირების და ფინანსური ანალიზის მენეჯერის პოზიციაზე. მოგვიანებით ისევ კერძო სექტორს დაუბრუნდა - 2019 წელს თიბისი ლიზინგში დაიწყო მუშაობა ფინანსური რისკების მართვის, ინვესტორებთან ურთიერთობისა და სახაზინო ურთიერთობების მენეჯერის პოზიციაზე.
სამი წელი ხდება, რაც მანანა „თეგეტა ჰოლდინგში“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს. ამბობს, რომ ამ პოზიციაზე მუშაობის შეთავაზებას ორი მიზეზის გამო დათანხმდა:
„მიმართულება, რომელსაც ამჟამად ვხელმძღვანელობ, ჩემთვის, პირველ რიგში, საინტერესო გაგრძელება იყო განვლილი კარიერული გზისა და სამომავლო განვითარების მხრივ; გარდა ამისა, თვითონ „თეგეტასთვისაც“ სიახლე იყო და ის მიზნები, რომლებიც კომპანიას ჰქონდა დასახული ამ მიმართულებით განვითარებისთვის, მრავალფეროვან შესაძლებლობებს აჩენდა. სწორედ ამიტომ შევუერთდი „თეგეტას“ გუნდს“.
მანანა ამბობს, რომ საავტომობილო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილების უქონლობა დაბრკოლება არ ყოფილა. ავტომობილების მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გამო საავტომობილო კომპანიაში დასაქმების პერსპექტივა მიმზიდველი აღმოჩნდა:
„თეგეტა“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული დამსაქმებელი, რაც ასევე მიმზიდველი იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო ინდუსტრია განსხვავდებოდა ჩემი წინა გამოცდილებებისგან, თვითონ ეს სფერო და ავტომობილები ყოველთვის მაინტერესებდა.“
30 UNDER 30-ის ორ ნომინაციაში გამარჯვებას მანანა ასე აფასებს:
„ეს იყო ერთობლივი შედეგი ჩემი გამოცდილებისა და „თეგეტაში“ საქმიანობისა. ვგულისხმობ ფინანსური მიმართულებით და კაპიტალის, ფინანსური სახსრების მოზიდვის იმ ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც ჰოლდინგში შემუშავდა, მათ შორისაა: მწვანე ინსტრუმენტები, რომლებიც პირველად ადაპტირდა სწორედ თეგეტაში; მულტისავალუტო ობლიგაციები, რომლებიც ჰოლდინგის საჭიროებებზე მორგებით შეიქმნა და წარმატებით დაინერგა; ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ფიზიკური პირებისათვის თუ სხვა. აქამდე, როგორც ინვესტორების, ისე კომპანიების მხრიდან, აღნიშნული ინსტრუმენტების მიმართ ინტერესი ნაკლები იყო, ამ აქტივობებით ახალ ეტაპს ჩაეყარა საფუძველი და ბაზარიც გააქტიურდა. მხოლოდ თეგეტას მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, დღეს უკვე 800-მდე უნიკალური ინვესტორი გვყავს. მსგავსი აქტივობა არცთუ დიდი ხნის წინ რთული წარმოსადგენი იქნებოდა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე“.
მანანა ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა, როცა, ფინანსების ნომინაციაში გამარჯვებასთან ერთად, Forbes-ის რჩეულის სტატუსიც დაიმსახურა.
„ამ ფაქტის ყველაზე დიდ ღირებულებას იცით, რაში ვხედავ? როდესაც ახალგაზრდები სამომავლო საქმიანობის სფეროს ირჩევენ, ვფიქრობ, მათთვის მსგავსი ისტორიების გაზიარება საუკეთესო შესაძლებლობაა, რათა გვჯეროდეს, რომ დასახული მიზნებით, გასავლელი გზით, შრომითა და პასუხისმგებლობით ხელშესახებ შედეგებს მიაღწევ.
მჯერა, რომ მცირე პოზიტიურ ქმედებასაც აქვს ძალა, შექმნას მნიშვნელოვანი ცვლილებები; რომ პატივისცემით, მხარდაჭერითა და განვითარებაზე ორიენტირებით შექმნილი გარემო ხელს უწყობს როგორც კოლექტიურ წარმატებას ბიზნესამოცანების შესასრულებლად, ისე პირადს. საჯარო აღიარება კი დამატებით ბენეფიტს სძენს შენს ყოველდღიურ საქმიანობას და ახალი მწვერვალების დაპყრობას შთაგაგონებს.“
რაც შეეხება „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიების მიმართულების მთავარ ოფიცერს, ლევან მამულაშვილს, რომელმაც ტექნოლოგიებისა და ელკომერციის კატეგორიაში გაიმარჯვა, მისი კარიერა 18 წლის ასაკში კომპანია Lemondo-ში დაიწყო, სადაც IOS ინტერნად მივიდა. ერთი წლის შემდეგ კი iOS მიმართულების ლიდის პოზიციაზე გადაინაცვლა.
„დაახლოებით 3-4 წლის შემდეგ შეთავაზება ერთდროულად მივიღე საქართველოს ბანკისგან და თიბისი ბანკისგან. თიბისის დავთანხმდი, რომელიც იმ დროს ახალ, ინოვაციურ პროდუქტზე მუშაობდა. ეს აღმოჩნდა სფეისი, სადაც ვიყავი ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი. იმ პერიოდში ჩემი ხელმძღვანელობით დაიწერა Space-ის iOS აპლიკაცია, დაახლოებით ხუთ წელიწადს ვიმუშავე IOS-ის მიმართულებით, 21 ადამიანს ვხელმძღვანელობდი. პარალელურად, ლექციებს ვკითხულობდი საქართველოს უნივერსიტეტში და ფრილანსერად ვმუშაობდი მსოფლიოს მსხვილ კომპანიებთან. მათ შორის იყო ამერიკაში ნომერ პირველი „თექსთ თუ სფიჩ“ აპლიკაცია - Speechify. იქ შევეხე პირველად ხელოვნურ ინტელექტს. ვმუშაობდი როგორც წამყვანი - Engineering Manager iOS / Android / QA / Automation მიმართულებით.“
„თეგეტა ჰოლდინგიდან“ შეთავაზება ლევანმა 2023 წლის ივლისში მიიღო. მას შემდეგ კომპანიაში ტექნოლოგიების მიმართულების მთავარი ოფიცრის პოზიციას იკავებს. პარალელურად, ამერიკაში, MIT-ში (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ) სწავლობს ტექნოლოგიური დირექტორის მიმართულებით. 30 UNDER 30-ის გამარჯვებულებს შორის მოხვედრას განვლილ კარიერულ გზას უკავშირებს:
„ის ტექნოლოგიები, რომლებიც სფეისსა თუ Speechify-ში მობაილის მიმართულებით დავნერგე, დღემდე გამოიყენება. ნომინაცია - ტექნოლოგიები და ელექტრონული კომერცია - მოიაზრებს ისეთი ტექნოლოგიების შემუშავებას, რომლებსაც კომპანია დღევანდელ რეალობაში იყენებს. ესაა ავტომატიზაციისა და სხვა სისტემები, რამაც კომპანიებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა. Speechify-ში ჩემი გუნდი დაკომპლექტებული იყო ქართველი, უკრაინელი და ამერიკელი თანამშრომლებით. მათი უმრავლესობა Meta-დან, Instagram-იდან და Amazon-იდან იყო, ისინი ტოპ პერფორმერებს წარმოადგენდნენ. საბოლოო ჯამში, როცა მოგვიანებით ჩემს რეკომენდაციებს გადავხედე, ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ შევძელი, ტექნოლოგიებში პროცესების ოპტიმიზაციით თანხები დამეზოგა საოპერაციო ნაწილში“.
ლევანი ამბობს, რომ „თეგეტა ჰოლდინგში“ მუშაობის დაწყებისას მისი მთავარი გამოწვევა კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია იყო, რათა ლიდერი საავტომობილო კომპანია ტექნოლოგიური მიმართულებითაც მაღალ სტანდარტებს მორგებოდა.
„თეგეტა“ ძალიან ბევრ ბრენდს წარმოადგენს საქართველოში, მაგრამ ასევე დიდ შესაძლებლობებს ფლობს ტექნოლოგიებში. 2009 წელს მან პირველმა დანერგა საპის სისტემა, რომელსაც დღემდე იყენებს. კომპანიაში ჩემს დაქვემდებარებაში 105 ადამიანია, რომლებიც ჰოლდინგის სრულ ტექნოლოგიურ განვითარებას უზრუნველყოფენ. კომპანიაში ნებისმიერი გაყიდვა აღინიშნება ტექნოლოგიურ სისტემებში, ტექნოლოგიურია რიგების სისტემები და ა. შ. ვხელმძღვანელობ „თეგეტას“ E-commerce პლატფორმას, მობილურ აპლიკაციასა და შიდა მოხმარების დაახლოებით 20-მდე განსხვავებულ პროგრამას. ჩემი მოტივაცია და მიზანი იყო, დამემსხვრია სტერეოტიპი, თითქოს საავტომობილო კომპანია შეუძლებელია ძლიერი იყოს ტექნოლოგიებშიც. პრინციპში, ეს ნაწილობრივ უკვე შევძელით: ამ დროის განმავლობაში შემოვიერთეთ დეველოპერები მსოფლიოს ტოპ სამეულიდან“.
ლევანი ამბობს, რომ 30 UNDER 30-ის გამარჯვებულებს შორის მოხვედრა მისთვის ერთგვარი პროფესიული ვალიდაციაა და, ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„სასიამოვნოა, როცა აღიარება მარტო იქიდან არ მოდის, სადაც მუშაობ. ჩემთვის ეს განვლილი 10 წლის შეჯამებაა და ძალიან ფასეულია. თვალს რომ გადავავლებ, ამ შედეგისთვის უამრავი ვიშრომე, ფაქტობრივად, მუდმივად ლიმიტის ზღვარზე ვიყავი, რომ ახალი ცოდნა შემეძინა. ოჯახი ძალიან მიწყობდა ხელს, რადგან რამდენიმე წლის განმავლობაში დილის 7 საათიდან ღამის 1-ელ საათამდე ჩემი რეჟიმი უცვლელი იყო, გაუთავებლად ვმუშაობდი. წინსვლისთვის მნიშვნელოვანია, მიზანი გქონდეს, თუმცა რაც უფრო მეტი ცოდნა გაქვს, ეს მიზანიც იცვლება. წლები რომ გადის და ცოდნა მემატება, ვხვდები, რომ სულ უფრო და უფრო მეტია გასაკეთებელი, რათა საბოლოო წერტილამდე მივიდე“.
საბოლოო წერტილს ლევანი ასე ხედავს: დარჩეს საქართველოში, სადაც ტექნოლოგიურ ეკოსისტემას დიდი პოტენციალი აქვს და ცოდნა გაუზიაროს მათ, ვინც მომავალს მასავით ტექნოლოგიებში ხედავს.