ოდესაში სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებოდნენ.
ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ კიპერის თქმით, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა შვედეთის, დანიის, ფინეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან უკრაინისა და თავდაცვის სფეროში დახმარების გაზრდისა და პორტების და კრიტიკული ინფრასტრუქტუროს დაცვის საკითხები განიხილეს.
„ჩვენ ასევე შევთანხმდით უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ახალ ინვესტიციებზე თავდაცვის ინდუსტრიაში და სანქციების ზეწოლის გაზრდაზე რუსეთზე“, - დასძინა კიპერმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს უჭერენ რუსეთის სიღრმეში, სამხედრო სამიზნეებზე დარტყმების განხორციელებისთვის უკრაინისთვის ნებართვის მიცემას.
„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მინისტრებთან, რომლებიც აქ იმყოფებიან, ჩვენ, ყველანი, თანამოაზრეები ვართ: ყველა მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას – დასავლური იარაღის გამოყენებაზე ნებისმიერი შეზღუდვების მოხსნას გარკვეული სამხედრო მიზნების მისაღწევად. რუსეთი ჰაერში სრული დომინანტია. ისინი ყოველდღიურად ბომბავენ ჩვენს სამხედროებს მართვადი რაკეტებით, მასირებულად. ამის შესაჩერებლად ერთ-ერთი ქმედითი გზა არის უკრაინისთვის ნებართვის მიცემა, გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ“, – განაცხადა სიბიჰამ.