ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით შეერთებულმა შტატებმა ისრაელს განუცხადა, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში უნდა მიიღოს ზომები ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გასაუმჯობესებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შეიზღუდოს ამერიკული სამხედრო დახმარება. იუწყება Reuters
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა წერილი გაუგზავნეს ისრაელის ოფიციალურ პირებს და მოითხოვეს კონკრეტული ზომების მიღება პალესტინის ანკლავში გაუარესებული სიტუაციის მოსაგვარებლად ჩრდილოეთ ღაზაში ისრაელის განახლებული შეტევის ფონზე.
მედიის ცნობით, ამის შეუსრულებლობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს აშშ-ის პოლიტიკაზე, ნათქვამია წერილში, რომელიც პირველად გაავრცელა ისრაელის ტელეარხმა News 12.
„ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ, რომ ისრაელის მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები... ხელს უწყობს ღაზაში პირობების დაჩქარებულ გაუარესებას“, - ნათქვამია წერილის ასლში, რომელიც Axios-ის რეპორტიორმა X-ზე გამოაქვეყნა.
წერილში ნახსენებია ისრაელის მიერ დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის კომერციული იმპორტი, ჰუმანიტარული გადაადგილების აკრძალვა ჩრდილოეთ და სამხრეთ ღაზას შორის და "მძიმე და გადაჭარბებული" შეზღუდვები საქონელზე, რომლიც ღაზას უნდა მიეწოდოს.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ წერილი "არ წარმოადგენს მუქარას", მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის აუცილებლობას.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი (ისრაელელები) ამას სერიოზულად აღიქვამენ", - თქვა კირბიმ წერილზე, სხვა განმარტებების გარეშე.
ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვაშინგტონში განაცხადა, რომ წერილი მიღებულია და ამჟამდ მასზე მსჯელობა მიმდინარეობს
„ისრაელი სერიოზულად ეკიდება ამ საკითხს და აპირებს ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან განიხილოს ამ წერილში წამოჭრილი საკითხები“, - განაცხადა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა.