რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ე.წ. იუკოსის საქმესთან კავშირის გამო შესაძლოა ევროკავშირის "შავ სიაში" მოხვდეს. პუტინს შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აუკრძალონ და ანგარიშები გაუყინონ. განცხადება ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა კრისტინა ოიულანდმა გააკეთა.
"ვლადიმერ პუტინისა და სხვა რუსი ჩინოვნიკების, მიმართ შესაძლოა ამოქმედებული იყოს სანქციები ვიზების გაუცემლობისა და დასავლურ ბანკებში არსებული მათი ანგარიშების გაყინვის სახით", _ აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი, ადამიანის უფლებების დაცვის ქვეკომიტეტის წევრი კრისტინა ოიულანდი ჟურნალ "The New Times"-თან საუბარში. თავად გამოცემა აღნიშნავს, რომ საუბარი ვლადიმერ პუტინის გარდა საუბარი მიდის იმ პიროვნებებზე, რომლებიც მიხეილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევისათვის განაჩენის გამოტანის საქმესთან არიან დაკავშირებულნი, კერძოდ, ხამოვნიჩის სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ დანილკინზე და ვიცე-პრემიერ იგორ სეჩინზე.
მართალია, ევროპარლამენტის დეპუტატი აცხადებს, რომ ჯერ ჯერობით რუს ჩინოვნიკთა კონკრეტული ნუსხა არ არსებობს, რომლებიც ამ სანქციების ქვეშ მოყვებიან, მაგრამ ეს სია აუცილებლად იქნება შედგენილი სიტუაციის ანალიზის შედეგად.
"მაგრამ ევროპა არაფრის წინაშე არ გაჩერდება იმისათვის, რომ რუსეთში ადამიანის უფლებები დაცული იყოს", _ აცხადებს ევროპარლამეტის წევრი.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის სასამართლომ "იუკოსის" ყოფილ ხელმძღვანელს, მიხაილ ხოდორკოვსკისა და "მენატების" ხელმძღვანელს პლატონ ლებედევს 13,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენში ნათქვამია, რომ ხოდორკოვსკი და ლებედევი დამნაშავედ არინ ცნობილები მიტაცებისა და ფულის გათეთრების მუხლებით, რის გამოც მათ საერთო რეჟიმის კოლონიაში 13,5 წლის გატარება მოუწევთ.
ბრალდების მხარე რუსი ბიზნესმენებისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
თავდაპირველად ხოდორკოვსკისა და ლებედევს 2005 წელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრალად მათ თაღლითობა და გადასახადების გადაუხდელობა ედებოდათ. 2006 წელს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის მეორე საქმე აღიძრა, რომლის ფარგლებშიც პროკურორები მათთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვენ. ამ საქმის მიხედვით მათ უკვე ბრალი ედებათ 200 მილიონ ტონა ნავთობის დატაცებაში, უკანონოდ გამომუშავებული თანხის მითვისებაში და 3 მილიარდ რუსულ რუბლად ღირებული აღმოსავლური ნავთობის კომპანიის 38-პროცენტიანი აქციების პაკეტის მისაკუთრებაში.
ე. წ. "იუკოსის" საქმე, ბოლო წლებში რუსეთში არსებულ საქმეთაგან ერთ-ერთი ყველაზე "ხმამაღალია". რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ დროისთვის ქვეყანაში ყველაზე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელობა მთელ რიგ ეკონომიკურ დარღვევებში დაადანაშაულეს. შედეგად "იუკოსი" გაკოტრდა, მისი აქტივები კი სახელმწიფო კომპანია "როსნეფტს" გადაეცა. დასავლეთი დღემდე მიიჩნევს, რომ "იუკოსის" საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ყოველივეს კატეგორიულად უარყოფს.
ხოდორკოვსკის ხშირად ვლადიმერ პუტინის პირად პატიმარს უწოდებენ. რამდენიმე დღის წინ პუტინმა განაცხადა - "ქურდი ციხეში უნდა იჯდეს, ხოლო რაც შეეხება ხოდორკოვსკის, მას ბრალად დატაცება აქვს წაყენებული, თან საკმაოდ სოლიდური".
პირადად ხოდორკოვსკი თავის წინააღმდეგ აღძრულ მეორე სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურს და კორუფციულად მოტივირებულს უწოდებს. მისი თქმით, ამ პროცესის ინიციატორები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მისი ციხიდან გამოსვლა არ სურთ. მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას კი ხოდორკოვსკი იმით ხსნით, რომ იგი დამოუკიდებელ ოპოზიციას უჭერდა მხარს.